ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდოამრის, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდის შემდეგი ნაბიჯი მისი გათავისუფლება უნდა იყოს. ფონ კრამონი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს გზა, რეგულარული საპარლამენტო მუშაობისკენ.

"მშვენიერია! კარგია იმის დანახვა, რომ ყველა პარტნიორმა, ევროკავშირის ჩათვლით, შეასრულა თავისი დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება მელიას მიერ ციხის დატოვება უახლოეს მომავალში. ამას ყველას უნდა გაუხსნას გზა რეგულარული საპარლამენტო მუშაობისკენ 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად", — წერს ფონ კრამონი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

დღეს, 8 მაისს ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. გადარიცხვა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუამავლობით განხორციელდა.

ახლა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით, რათა მელიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ თანხა ჯერ არ ასახულა და როცა აისახება, დაიწყებენ შესაბამის პროცედურებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ პროცედურების დასაწყებად თანხის ასახვა არაა საჭირო. მეტიც, საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, პროკურატურას აქამდეც შეეძლო ამ პოროცედურის დაწყება.

გაიგეთ მეტი: