დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადაიხადა. არსებობს გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით, როდის შეძლებს ენმ-ის თავმჯდომარე საპატიმროს დატოვებას.

ვინაიდან ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს უკვე პატიმრობა, იმისთვის, რომ მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვოს, საჭიროა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და ისევ გირაოს დაკისრება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მიხედვით, იმისთვის, რომ ეს თანხა ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის გამოიყენონ, პროკურატურამ სასამართლოს მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უნდა მიმართოს, ანუ პროკურატურამ უნდა უთხრას სასამართლოს, რომ მელიას პატიმრობის ნაცვლად ისევ გირაო დააკისროს. ამის შემდეგ მოსამართლეს 24 საათის განმავლობაში გამოაქვს განჩინება შუამდგომლობის დასაშვებობის თაობაზე და დასაშვებად ცნობს იმ შემთხვევაში, თუ არის ახალი გარემოება, რის გამოც შეიძლება იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. მოსალოდნელია, რომ სასამართლო ამ შუამდგომლობას დასაშვებად ცნობს, რის შემდეგაც ჩაინიშნება ზეპირი მოსმენა, სადაც უკვე მხარეთა მონაწილეობით განიხილება დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე პროკურატურის შუამდგომლობას. დაკმაყოფილების შემთხვევაში, შემდეგი ეტაპი ნიკა მელიას გათავისუფლებაა.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, მათ გირაოს თანხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაურიცხეს, საიამ კი თანხა ხელისუფლებას გადასცა. პროკურატურა, რომელიც ახლა მთავარ აქტორად შეგვიძლია განვიხილოთ, ამბობს, რომ თანხა ანგარიშზე ჯერ არ ასახულა და შესაბამის პროცედურებს მხოლოდ ასახვის შემდეგ დაიწყებს.

შესაბამისად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის ახლა გასავლელია ორი მთავარი ეტაპი — პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს და პატიმრობის ნაცვლად გირაო მოითხოვოს, სასამართლომ კი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. უცნობია, როდის მოხდება ეს, თუმცა კანონის მიხედვით, ამ პროცედურების გავლა არასამუშაო დღეებშიც შეიძლება. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, კანონმდებლობა აძლევს პროკურატურას იმის საშუალებას, რომ დღესვე მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მელია ევროკავშირის გირაოს დათანხმდა, თუმცა მისი პირობა იყო ამნისტიის კანონის გაწვევა, რაც არ მომხდარა.

ნიკა მელიას საქმე, რომელმაც დასავლეთის დიდი ყურადღება მიიპყრო, პოლიტიკური შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო. ჯერ კიდევ ბოიკოტში მყოფი ნაციონალური მოძრაობა მელიას გათავისუფლებამდე პარლამენტში შესვლას არ აპირებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენმ-ის თავმჯდომარის გათავისუფლება გარკვეულწილად პოლიტიკურ დღის წესრიგს შეცვლის.

მელია 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სპეცრაზმის დახმარებით დააპატიმრეს. სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზი. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვების გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ სწორედ მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას შემცვლელის, ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებიდა რამდენიმე საათში კი მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყო.

ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალას მიიღო. პროკურატურამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და გირაოს ნაცვლად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 16 თებერვალს მიმართა. სწორედ, 16 თებერვალს მოუხსნა ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედ, რითაც პროკურატურას ამ შუამდგომლობის დაყენების უფლება მისცა.

ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დაპატიმრების ნებართვა პროკურატურას პირველად 2019 წლის 26 ივნისს მისცა. მსჯელობის საგანი, მაშინაც 20 ივნისის საქმეზე მელიას ბრალდება იყო. მაშინ პროკურატურამ ქართული ოცნებისგან პატიმრობის უფლება მიიღო, სასამართლოსგან კი არა. მელიას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეეფარდა, რომელიც ენმ-ის ლიდერმა ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა, რასაც უწყებიდან მორიგი გირაოს გადახდის, გადაუხდელობის შემთხვევაში კი პატიმრობის მოთხოვნა მოყვა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია. სწორედ მელიას უარის შემდეგ მიმართა პროკურატურამ პარლამენტს მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით.

ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. მას ამ საქმისთვის შეფარდებული ჰქონდა გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება, რომელიც ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ ხელახალი გირაო მოითხოვა, თუმცა მელიამ გადახდაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ამავე საქმეზე გირაო ერთხელ უკვე გადახდილი აქვს. ენმ-ის ლიდერი აცხადებდა, რომ არ გადაიხდის და ვერ დაიჭერენ, თუმცა უწყებამ სასამართლოში მისი პატიმრობა მოითხოვა, რისთვისაც ნებართვა პარლამენტისგან სჭირდებოდა, რადგან, ბოიკოტის მიუხედავად, მელია დეპუტატია. ქართული ოცნების პარლამენტი პროკურატურას დაეთანხმა და ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა. 2020 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მელია ენმ-ის ოფისში მივიდა სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის გამო ენმ-ის ლიდერის დაკავება გადაიდო. თანამდებობის დატოვება გახარიამ სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. ახალი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნიდან რამდენიმე საათში კი, 23 თებერვალს, მელია დააკავეს, თან ისე, რომ სპეცრაზმი ენმ-ის ოფისში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან და ოთახში გამოიყენეს გაზიც.

ნიკა მელია ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება. მისი გათავისუფლება ევროკავშირის მედიატორობით გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.