ადამიანის უფლებათა ცენტრში (HRC), რომელიც 29 ნოემბერს, კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს ოჯახის ინტერესებს იცავს, აცხადებენ, რომ საქმის შესწავლისას გამოვლინდა 10 დარღვევა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ საქმეზე რეაგირებისთვის მიმართეს პროკურატურას და ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს.

"რეგულირების სააგენტოს უკვე დაწყებული ჰქონდა მოკვლევა, მაგრამ გარდაცვლილის მშობლებს გამოვლენილი დარღვევევა-ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმეში ჩართვამდე არ მიუღიათ", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

რეგულირების სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, HRC-ში აცხადებენ, რომ ინფექციის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზირება პირველივე კვირაში იყო შესაძლებელი, ასევე, მყისიერად უნდა შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულობის) საკითხიც.

"დასკვნაში [ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს] ასევე, ნათქვამია, რომ ყველა პარამეტრის და მონაცემის დროული, კრიტიკული, სრულყოფილი შეფასების და დაჩქარებული ჰოსპიტალიზაციის პრობლემა განპირობებული იყო მძიმე ეპიდსიტუაციით და ორგანიზაციული სირთულეებით", — ვკითხულობთ HRC-ს განცხადებაში.

ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოზე დაყრდნობით, HRC აცხადებს, რომ განიხილება ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

HRC მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროსა და პროკურატურას, დროულად და ობიექტურად გამოიკვლიოს საქმე. ასევე, ოჯახს მიაწოდონ ამომწურავი პასუხები ყველა კითხვაზე.

გაიგეთ მეტი: