პარტნიორობა ადამიანის უფლებების განცხადებით, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა ნინოწმინდის პანსიონატის საქმეზე მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და სახელმწიფოს პანსიონატში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება დაავალა.

"კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაციის 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის განცხადებით, დროებითი ღონისძიების გამოცემის მოთხოვნით თბილისის საქალაქოს სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდმსენის განცხადებით, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების მიერ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.

"საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახალხო დამცველი მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოა და კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ყოველმხრივი შემოწმების შესაძლებლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში", — ნათქვამია განცხადებაში.

15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ომბუდსმენის აპარატში აცხადებდნენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.