თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, არარეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპმა აპრილში -56% შეადგინა, რაც მარტთან შედარებით (-71%) გაუმჯობესებული მაჩვენებელია. საუბარია უცხოეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე, რომლებმაც თიბისი ბანკის არხებით უნაღდოდ გადაიხადეს.

კვლევაში ნათქვამია, რომ დიდ სასტუმროებში დატვირთულობის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, როგორც ადგილობრივი ტურისტების, ასევე გარკვეული ქვეყნებიდან უცხოელი ვიზიტორების ხარჯზე.

ანგარიში ტურიზმის სტატისტიკის ანალიზსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ აპრილში, ვიზიტები შედარებით გააქტიურდა ისრაელიდან და უკრაინიდან (2019 წელთან შედარებით -30% და -51%, შესაბამისად). თიბისი კაპიტალის დაკვირვებით, მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტების რაოდენობა, რამაც ჯამური ვიზიტების ნახევარი შეადგინა, აპრილის თვეში 89%-ით იყო შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ აპრილში საქართველოში 82 519 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ეს მონაცემი 2020 წლის აპრილთან შედარებით 140%-ით მეტია, თუმცა 2019 წლის იგივე თვის მაჩვენებელს 85%-ით ჩამორჩება.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წლის იანვარ-აპრილში 212 707 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 82%-ით ნაკლებია.