დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სინოფარმის დამატებით 500 000 დოზა შემოვა. მისი თქმით, ივნისში ჩინურ ვაქცინას ორ ტრანშად შემოიტანენ.

"სინოფარმის მარაგი ამჟამად ქვეყანაში არის დაახლოებით 100 000. ნუ დააკელით 6 000 არის ადმინისტრირებული ამ სამ დღეში და უფრო და უფრო მეტი, 25 000-ზე მეტი ადამიანია ჩაწერილი მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანის ორჯერადი აცრისთვის.

უკვე დადასტურებულად შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს მთავრობას აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში შემოვა, ორჯერადად — 250 ათასობით", — განაცხადა გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

საქართველოში Sinopharm-ით ასაცრელად კი ვიზიტის დაჯავშნა 18+ მოქალაქეებს შეუძლიათ. Sinopharm-ით ვაქცინაცია ქვეყანაში იქამდე დაიწყო, სანამ WHO-ს ავტორიზაციას მიიღებდა.

დღეს, 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ Sinopharm ვაქცინის საგანგებო გამოყენების ნებართვა გასცა. ამიერიდან, Sinopharm Covax ინიციატივის წევრი გახდება, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდებას ისახავს მიზნად.

Sinopharm პირველი არადასავლური ვაქცინაა, რომელმაც WHO-ს ნებერთვა მიიღო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას საგანგებო გამოყენების ნებართვა გაცემული აქვს Pfizer-BioNTech-ის, AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებზე.

ჩინეთმა ორი ვაქცინა Sinopharm და Sinovac უკვე რამდენიმე ქვეყანაში გაიტანა ექსპორტზე, მათ შორის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, აზიასა და აფრიკაში, თუმცა, მათი გამოყენების კუთხით გადამწყვეტი სწორედ WHO-ს აღიარებაა, რაც ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს. ახლა კი სინოფარმი, რომლითაც საქართველოს 18+ მოქალაქეები უკვე იცრებიან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინაა.