რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელები უარყოფენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ოფისი საქართველოში გადმოდის. ინფორმაცია Navalni Live-ს მუშაობის საქართველოში გაგრძელების შესახებ რუსულმა მედიამ, ერ ბე კამ და ტელეგრამ არხმა, SOTA-მ გაავრცელეს.

თავდაპირველად, SOTA-მ გამოაქვეყნა ფონდის თანამშრომლების საქართველოში გადაღებული ფოტოები, რომელიც მათ ინტაგრამზე ჰქონდათ ატვირთული. ამ ფოტოებსა და წყაროზე დაყრდნობით ერ ბე კა წერდა, რო ისინი საქართველოში არიან და ოფისისთვის ტექნიკის ნაწილიც ჩამოიტანეს.

TV RAIN-თან საუბრისას ფონდის დირექტორმა, ივან ჟდანოვმა ამ ინფორმაციას ფეიკ ნიუსი უწოდა და აღნიშნა, რომ თანამშრომლები დასასვენებლად არიან და მათ პირად ცხოვრებას არ აკონტროლებენ.

კიდევ ერთი თანამშრომელი რუსლან შავედინოვი კი წერს, რომ გავრცელებული ცნობები სასაცილოა. ტვიტში ისიც აღნიშნავს, რომ საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა.

რუსეთში ალექსეი ნავალნის დაარსებულ კორუფციასთან ბრძოლის ფონდს უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიანიჭეს. გარდა ამისა, მოსკოვის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, ექსტრემისტულად გამოაცხადოს ორგანიზაციები, რომლებიც ნავალნისთან არის კავშირში.

მოსკოვის პროკურატურამ ნავალნის შტაბების საქმიანობა შეაჩერა. ამასთან, უწყება კორუფციასთან ბრძოლის ფონდის საქმიანობის შეჩერებასაც მოითხოვს.

ეს ნიშნავს, რომ შტატები და ფონდი, რომელსაც უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი აქვს, ვერ დაგეგმავენ აქციებს, ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ასევე, ვერ ისარგებლებენ საბანკო დეპოზიტებით, გარდა ჯარიმებისა და გასავალის დაფარვისა.