გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატად, შეიძლება, საკუთარი თავი განიხილოს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"მე რასაც ვხედავ, ცალსახად არის ის, რომ ხმები ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების არ ჯამდება, ანუ თუ კრებ ამ ყველაფერს ერთად, ჯამი არ გამოდის, იკარგება. პირობითად, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გირჩის მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს არ დაუჭერს. ისე, როგორც, მე რომ დავდექი დიდუბეში, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი არ დამიჭირა და დაუჭირა ანა დოლიძეს. არ ჯამდება ასე მარტივად ეს რაღაცები. ამიტომ, სინამდვილეში, ჩვენ უნდა წავიდეთ საპირისპირო გზით", — თქვა მან.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის საერთო კანდიდატად განიხილება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას კანდიდატურა. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, უნდა შეიქმნას მესამე, "მძლავრი მიზიდულობის ცენტრი", რომლითაც ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაიწყება. გარდა ამისა, პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამავე პარტიის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერობის კანდიდატად განიხილება.