40 წლამდე ადამიანების უმეტესობას, Oxford-AstraZeneca ვაქცინასთან დაკავშირებული სისხლის შედედების უიშვიათესი შემთხვევების გამო, ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებენ.

გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტების უსაფრთხოების მარეგულირებელი აცხადებს, რომ ვაქცინის 28.5 მილიონი დოზის მიწოდების შემდეგ, ადამიანებში სისხლის შედედების 242 და სიკვდილის 49 შემთხვევა დაფიქსირდა. რისკი უფრო მაღალია შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში. ალტერნატიული ვაქცინის შეთავაზებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა კორონავირუსის დაბალმა შემთხვევებმა და ალტერნატიული ვაქცინების ხელმისაწვდომობამაც.

პროფესორმა ვეი შენ ლიმ, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტიდან განაცხადა, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა და რომ იგი იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ვაქცინაციის პროგრამის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. დღევანდელი შეფასებით, კოვიდიმუნიზაციამ გაერთიანებულ სამეფოში უკვე 10 000 სიცოცხლე იხსნა.

"COVID-19-ის შემთხვევები, ჯერჯერობით, კონტროლს ექვემდებარება. 18-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებსაც არ აღენიშნებათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, უმჯობესია შესთავაზონ AtsraZeneca-ს ალტერნატიული ვაქცინები იმ შემთხვევაში, თუ არის ამის შესაძლებლობა და თუ ეს ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს", — ამბობს ვეი შენ ლი, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტიდან.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Oxford-AstraZeneca ვაქცინა სისხლის შედედებისა და სისხლში თრომბოციტების შემცველობის შემცირების იშვიათ შემთხვევებთანაა დაკავშირებული. ეს გვერდითი ეფექტი უმეტესად ვლინდება 55 წლამდე ასაკის ადამიანებში. 40-50 წლის ასაკის პაციენტებში ვაქცინაციის შემდეგ სისხლის შედედების რისკი დაახლოებით 100 000-ში ერთია, 30-40 წლის პაციენტებში კი — 60 000-ში ერთი. 40-50 წლის ადამიანებში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის შემდეგ, სიკვდილის რისკი მილიონში ორია, 30-40 წლის ადამიანებში კი — 4.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Covid-19-ის მძიმე შემთხვევის განვითარების რისკი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში, სხვა ჯგუფებთან შედარებით, უფრო დაბალია.

მედიცინისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს დირექტორმა ჯუნ რეინმა განაცხადა, რომ ადამიანების უდიდეს ნაწილში ვაქცინის სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება მის რისკებს.