ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი ვაქცინაციის დაწყებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ შექმნა.

"ვებგვერდზე Provax.ge ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს პასუხები მისთვის საინტრესო კითხვებზე, მათ შორის, თუ რატომ უნდა ჩაიტაროს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე, როგორ უნდა დარწმუნდეს ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის", — აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში.

მათივვე ინფორმაციით, ვებგვერდზე, აგრეთვე, შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება. ასევე, განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მედპერსონალის აცრით 15 მარტს დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მაშინ თქვა, ერთ დღეში მხოლოდ 500 ექიმი აიცრა.

საკმაოდ დაბალი იყო იმ მედპერსონალის რიცხვი, რომელიც ვაქცინაციისთვის შექმნილ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდა. 15 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, რეგისტრაცია მხოლოდ 2 492-მა ადამიანს ჰქონდა გავლილი, არადა, ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინების პირველი პარტია 43 200 დოზა იყო, რომელიც მთლიანად მედპერსონალზე გახლდათ გათვლილი.

ამის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ პასუხობდა კითხვებს, რა გააკეთეს ანტივაქსერული კამპანიის წინააღმდეგ. 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა და NCDC-ის ხელმძღვანელმა On.ge-ს კითხვების პასუხად განაცხადეს, რომ საყვედურის მოსმენას არ აპირებენ და საქართველოს მოქალაქეები თავად შეაფასებენ, რამდენად ეფექტურად იმუშავა მათმა უწყებებმა.

მხოლოდ ვაქცინის დაწყების პირველ დღეს დააანონსა საინფორმაციო კამპანია ჯანდაცვის სამინისტრომ. აიცერი, ვაქცინა გვიცავს! — ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ ამ ლოზუნგით მოუწოდებს. ექიმები კი, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში, საერთო სახის რეკომენდაციებს ავრცელებენ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

ვაქცინა მოქალაქეებმა ორჯერ უნდა გაიკეთონ. მათთვის, ვინც უკვე აიცრა, განმეორებითი პროცესი 8 კვირის შემდეგ იქნება.

ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, ასევე, უსაფრთხოებაზე, წაიკითხეთ: