ნამახვანის კასკადის მშენებლობის გარშემო არსებული პროტესტის შედეგად, საქართველოში ენერგოდამოუკიდებლობის, ისევე როგორც ზოგადად ენერგოპოლიტიკის საკითხები საზოგადოებაში აქტუალური გახდა. თუმცა, ენერგოპოლიტიკის დებატები, საჯარო სივრცეში, ძალიან პოლარიზებულად მიმდინარეობს და ხშირად ტექნიკურ დეტალებზე ისეთი ადამიანები საუბრობენ, რომლებსაც ენერგეტიკის სფეროსთან შეხება არ აქვთ. არსებულ დისკუსიაზე, ქვეყნის ენერგოპოლიტიკაზე და პრობლემებზე, ჩვენ მურმან მარგველაშვილს ვესაუბრეთ.

მურმან მარგველაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და WEG World Experience for Georgia-ს დირექტორია. მარგველაშვილი პროფესიით ფიზიკოსია, თუმცა ბოლო წლებია ის ანალიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს ენერგოპოლიტიკაზე და მასთან ასოცირებულ პრობლემებზე აქტიურად მუშაობს. ენერგოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით, მარგველაშვილი ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია საქართველოში.

ნამახვანჰესი — ტესტი საქართველოსთვის

ფოტო: iPress

ნამახვანჰესთან დაკავშირებით პოზიცია, რომ "მე ამას ვემხრობი ან არ ვემხრობი, ეს არ არის სამეცნიერო პოზიცია. სამეცნიერო პოზიცია განპირობებული უნდა იყოს რიცხვებით, კონკრეტული მონაცემებით, კვლევით და ა.შ. თუმცა, შეფასება შეიძლება იყოს პოლიტიკური, მოქალაქეობრივი... საერთოდ არ მიყვარს ხოლმე, როცა ამბობენ, რომ 'მე ვარ მომხრე, მე ვარ მოწინააღმდეგე'. ასეთ ფორმულირებებს ვერიდები ხოლმე", — ამბობს მურმან მარგველაშვილი.

30 აპრილს, ნამახვანთან დაკავშირებულ საკითხებზე, WEG-ზე მურმან მარგველაშვილის სტატია გამოიცა. მისი თქმით, ნამახვანჰესის დილემა საქართველოსთვის ერთგვარი ტესტია. "მისი [ნამახვანჰესის] წლიური გამომუშავება 1500 გვტსთ საქართველოს 2020 წლის მოხმარების 12%-ია და ოთხჯერ აღემატება ქუთაისის 2020 წლის მოხმარებას. სადგურმა, სავარაუდოდ, უნდა იმუშაოს 100 წლის განმავლობაში და გამოიმუშაოს დღევანდელი 400 ქუთაისის ან 12 საქართველოს წლიური მოხმარების ტოლი ენერგია". ამ მხრივ, "ნამახვანჰესი იმპორტდამოკიდებულების და არსებული მზარდი ელექტროენერგიის დეფიციტის შემცირების საშუალებაა".

მიუხედავად ნამახვანჰესის პოტენციური სარგებლისა, მარგველაშვილი ხაზს უსვამს, რომ "საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები პროექტის ტექნიკური საფრთხეების, გარემოზე ზემოქმედების, მისი სტრატეგიული დასაბუთების, პროცესის გამჭვირვალობის, სახელმწიფო დათმობების მიზანშეწონილობის, პროცედურების დაცვის და სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით". ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მარგველაშვილის თქმით, სახელმწიფო არასწორ სტრატეგიას მიმართავს.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ კასკადს ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები აკლია. არსებული პრობლემების გამო, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ხშირად ამტკიცებენ, რომ ნამახვანის კასკადს აკლია როგორც სამართლებლივი, ისე "სამეცნიერო" ლეგიტიმაცია.

მეორე მხრივ, მარგველაშვილის თქმით, ზოგადად ჰესების წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა ხშირად არაინფორმირებულია. არსებული პოლიტიკური კლიმატის გამო, დეზინფორმაციის წყარო უამრავია და თითოეულის განხილვა რთულია. მიუხედავად ამისა, WEG მაინც ცდილობს, რომ გავრცელებულ დეზინფორმაციას ფაქტებით დაუპირისპირდეს.

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელზეც მარგველაშვილი მიანიშნებს, "სისტემური ხარვეზებია".

ენერგოპოლიტიკის სისტემური ხარვეზები

"უამრავი ხარვეზია არამარტო გარემოს დაცვის სამინისტროში, არამედ ეკონომიკის სამინისტროში და პრაქტიკულად ყველგან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემური ხარვეზი ისაა, რომ ამ სამინისტროებს არ აქვთ საკმარისი პროფესიული რესურსები", — ამბობს მარგველაშვილი. "ჯერ ერთი ხალხი არ ჰყოფნით, თან კატასტროფულად არ ჰყოფნით, მეორე მხრივ არ ჰყოფნით პროფესიული მუშაობის სიღრმე. თან ამას ისიც ემატება, რომ ჩვენ ქვეყანაში არ არის კვლევები. მაგალითად, არ არსებობს სამეცნიერო ინსტიტუტები".

"ენერგეტიკის პოლიტიკა რომ დაიგეგმოს, უნდა იყოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევები. იქ უნდა იყოს ეკონომიკის, გარემოს და ჰიდროლოგიის კვლევები. მონაცემებმა თავი უნდა მოიყაროს ერთ ანალიტიკურ ცენტრში, რომელიც შეძლებს ამ ყველაფრის დამუშავებას და შესაბამისად, გააკეთებს გრძელვადიან დაგეგმვას".

ენერგოპოლიტიკა ძალიან ბევრ სხვადასხვა ფაქტორს უნდა ეფუძნებოდეს. მარგველაშვილი იმასაც ამბობს, რომ ენერგოპოლიტიკის პოლიტიკური ასპექტებიც არ არის კარგად შესწავლილი. "რამდენად არის საფრთხიანი დამოკიდებულება რუსეთზე, თურქეთზე, აზერბაიჯანზე და ა.შ. ეს საკითხები უნდა იქნას შესწავლილი. როგორ უნდა განვვითარდეთ ეკონომიკურად, რა არის საჭირო მდგრადი განვითარებისთვის... ეს საკითხები საერთოდ არ არის შესწავლილი და გადასული ვართ სუბიექტური შეხედულებების ურთიერთდაპირისპირებაზე".

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი წუხილი, რომელსაც ანალიტიკური ორგანიზაციები და მეცნიერები გამოთქვამენ, სწორედ ამ მონაცემების და კვლევების ნაკლებობაა, იქნება ის სამეცნიერო თუ პოლიტიკური. მკითხველისთვის, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას თვალს ადევნებს, აშკარა უნდა იყოს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები რაღაც მოკვლევას და ღრმა ანალიზს კი არ ეფუძნება, არამედ პრაქტიკულად "ჰაერზეა მიღებული".

"USAID-ის დავალებით გავაკეთეთ მარეგულირებელი ზეგავლენის შეფასება ენერგეტიკული სტრატეგიის, სადაც ვაჩვენეთ, რომ ყოველი 1 ლარის დახარჯვა ანალიტიკურ ჯგუფზე, იძლევა სადღაც 500-600 ლარს 10 წლის განმავლობაში. დაზოგილი ხარჯებით, მიღებული შემოსავლებით, იმპორტ-დამოუკიდებლობით... ეს მხოლოდ ფინანსური შეფასება იყო, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო ვერ დავარწმუნეთ. მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ გვიჭირს და ამიტომ უნდა შემოვიჭიროთ ქამრები. ისე გამოდის, რომ ქამრებს იჭერენ თავზე და არა წელზე".

"იგივე ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. იგვე ასოცირების შეთანხმება, ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა... ეს არის უდიდესი სამუშაო გასაკეთებელი. უნდა აიწყოს სისტემები, სტრუქტურები, ურთიერთობები. ინფორმაცია უნდა დაგროვდეს, გადაწყვეტილებები რაღაცაზე უნდა იყოს დაყრდნობილი... ამ ყველაფერს რესურსი კი სჭირდება, მაგრამ რესურსის ჩადება შედეგს იძლევა", — ამბობს მარგველაშვილი.

საქართველოს ენერგეტიკის პერსპექტივები

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სერიოზული სისტემური ხარვეზების მოგვარება გარდა იმისა, რომ ქვეყნის მოკლევადიან ინტერესებშიც შედის, ის საქართველოს პოლიტიკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, თუ ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციას და განვითარებას სერიოზულად უყურებს, მუშაობა უნდა დაიწყოს.

საქართველოს ამჟამად არ აქვს მდგრადი განვითარების გეგმა, ამ სიტყვის სერიოზული გაგებით. მარგველაშვილი არაერთ ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სრულად გამოიყენოს თავის რესურსი და სხვადასხვანაირი ენერგოპოტენციალი. ქარის, მზის და ჰიდრორესურსი სრულად გამოიყენოს, რათა შეიქმნას ერთიანი სისტემა. ერთიანი სისტემა, რომლის მეშვეობითაც კოოპერაციასაც შევძლებთ, ამის საშუალებას ენერგიის განახლებადი წყაროები იძლევა.

2016 წელს მიცემულ ინტერვიუში, მარგველაშვილი ამბობს, რომ "ჩვენ პატარა ქვეყნებს, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს ენერგიის მხრივ კოოპერაცია შეუძლია. თუ ენერგიის მხრივ ვითანამშრომლებთ, ენერგიის მიმოცვლას შევძლებთ და რეგიონის ენერგოპოტენციალს განვავითარებთ... როცა საქართველოში ქარია, აზერბაიჯანში შეიძლება არ იყოს, ამიტომ ერთმანეთის დახმარება შეგვიძლია. ამ მხრივ ენერგიის განახლებად წყაროებს დიდი პოტენციალი აქვთ".

მარგველაშვილი მიანიშნებს, რომ ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისებაშიც, საზოგადოება ხშირად კარგად ინფორმირებული არ არის. მისი თქმით, ჰესებისადმი არასწორი დამოკიდებულება სხვანადასხვა ტექნოლოგიების ინტეგრაციას ართულებს. საქართველო ენერგოდამოუკიდებლობას სავარაუდოდ მხოლოდ ქარით და მზით ვერ მიაღწევს. ბოლო დროს ბუნების დაცვის აქტივისტებში გეოთერმული ენერგიისადმი ოპტიმიზმი ხშირია, თუმცა მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ "თერმული წყლები შეგვიძლია დავივიწყოთ. თერმული წყლები არის ისლანდიაში, სადაც არის გეიზერები, მაღალი ტემპერატურები და ამისგან იღებენ ენერგიას. ჩვენთან კი ასეთი ტემპერეატურის და სიუხვის წყლები ნამდვილად არ გვაქვს".

მარგველაშვილის თქმით, ენერგოპოტენციალზე საუბრისას ერთი რამ უნდა გვესმოდეს: "ენერგოპოტენციალი, კონკრეტულ მომენტში, შეზღუდულია იმით, თუ სისტემას რამდენად შეუძლია დააბალანსოს ცვალებადობა". მისი თქმით, ამისთვის ჰესები და ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები გამოიყენება.

ამასთანავე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შეიძლება კონკრეტული ენერგოპოტენციალი ჰქონდეს, თუმცა მის სრულ რეალიზებას დიდი მუშაობა სჭირდება, რაც ასევე საინვესტიციო ხარჯებთან არის დაკავშირებული.

სახელმწიფოს და ჩვენი პასუხისმგებლობა

მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის პოლიტიკის განვითარებისას და ნებისმიერი ისეთი ენერგეტიკული პროექტის განხორციელების დროს, რომელიც ადამიანების ცხოვრებაზე გავლენას იქონიებს, სახელმწიფომ გაითვალისწინოს ყველა ფაქტორი და ყველა ფრონტზე იმუშაოს. ამასთანავე ჩვენი, მოქალაქეების ვალდებულებაა, რომ თუ კი დავინტერესდებით ქვეყნის ენერგოპოლიტიკით და პრეტენზია გვაქვს, რომ სიტყვა გვეთქმოდეს ამ საკითხზე, მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე ნამახვანჰესთან დაკავშირებული დისკუსია ხშირად არაინფორმირებულია და ფართო დებატი მიმდინარეობს ამ იარლიყებით: "პრო" და "ანტი". ტელევიზიაში და სოციალურ მედიაზე, საკითხის მეცნიერულ მხარეზე, ხშირად იგივე პოლიტიკოსები საუბრობენ, რაც ძალიან არაპროდუქტიულია. საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანი კიდევ იმიტომაა, რომ თუ მთვრობამ მიიღო არაინფორმირებული გადაწყვეტილება, ჩვენ ეს შევნიშნოთ და აქტივიზმით თუ სხვა ბერკეტებით, სახელმწიფოს აღმასრულებელ ნაწილზე გავლენა ვიქონიოთ. ცვლილებები ვაკუუმში არ ხდება, ის სერიოზულ მუშაობას საჭიროებს.

ამ კუთხით, საინტერესო პერსპექტივისთვის და ძალიან საჭირო კვლევების გასაცნობად იხილეთ World Experience for Georgia-ს საიტი და facebook გვერდი.