მეცნიერები მარსზე მიკრობული სიცოცხლის ნიშნების ძიებას NASA-ს Perseverance მოხეტიალით აგრძელებენ, რომელიც თანამედროვე აღჭურვილობებით წითელი პლანეტის იეზერო კრატერს იკვლევს — მეცნიერების აზრით აქ ერთ დროს ტბა უნდა ყოფილიყო.

თუმცა, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდის მიერ ჟურნალ Advances in Microbiology-ში გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, კოსმოსური სააგენტოს სხვა მოხეტიალეებს აქ შესაძლოა უკვე აღმოეჩინათ შედარებით განვითარებული სიცოცხლის ნიშნები — სოკოს მსგავსი მარსული ობიექტები.

გუნდს, რომელიც ჰარვარდ-სმიტსონიანის ასტროფიზიკის ცენტრისა და ჯორჯ მასონის უნივერსიტეტის მკვლევრებს აერთიანებს, სჯერა, რომ მათ მარსზე სოკოს მსგავსი ორგანიზმების არსებობის ფოტოგრაფიული მტკიცებულება აქვთ. ფოტოები NASA-ს Opportunity და Curiosity მოხეტიალეებმა და სააგენტოს მაღალი რეზოლუციის HiRISE კამერამ გადაიღეს. ეს უკანასკნელი მარსის Reconnaissance ორბიტერზეა მიმაგრებული.

"სოკოები ინტენსიური რადიაციის პირობებში კარგად ხარობენ", — წერს გუნდი მოხსენებაში. "ფოტოები აჩვენებს, რომ სოკოს მსგავსი მარსული ქმნილებები, მათ შორის ისინიც, რომლებიც დედამიწელ სოკოებს მოგვაგონებენ, ნიადაგიდან ამოდიან და თანდათან იზრდებიან ზომაში".

"სფერული ქმნილებების ნაწილი მოხეტიალის ბორბლებმა გაანადგურა. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ ადგილას ახალი სფერული ობიექტები გამოჩნდნენ ზედაპირზე", — წერენ მკვლევრები. "ზოგიერთ მათგანს ღეროც ჰქონდა. გუნდი ირწმუნება, რომ შავი სოკოსმაგვარი ბაქტერიები თვითონ მოხეტიალეზეც კი გამოჩნდნენ".

მეცნიერებმა შეისწავლეს HiRISE-ს ფოტოებიც და აღმოაჩინეს "ამორფული ქმნილებები", რომლებიც ფორმასა და ადგილმდებარეობას იცვლიდნენ, შემდეგ კი უჩინარდებოდნენ.

"ცნობილია, რომ მთელი რიგი დედამიწელი ორგანიზმები მარსულ პირობებსაც კარგად უმკლავდებიან" — წერს გუნდი. "მარსული სიცოცხლის ფორმებს უნდა გაევლოთ ევოლუციის პროცესი და ისინი უკვე შეგუებულნი უნდა იყვნენ დაბალ ტემპერატურასთან, ჟანგბადის დაბალ კონცენტრაციასთან და რადიაციის მაღალ დონესთან".

მკვლევრები ფიქრობენ, რომ "მორფოლოგიური მსგავსებები დედამიწელ ორგანიზმებთან მარსზე მაინცდამაინც სიცოცხლის არსებობის მტკიცებულებას არ წარმოადგენს" და რომ "არ შეიძლება ბოლომდე გამოირიცხოს მინერალების, ამინდისა და უცნობი გეოლოგიური ძალების ფაქტორი, რომლებიც მხოლოდ მარსისთვისაა დამახასიათებელი".

მეცნიერები ამ ნაშრომს კარგად გაეცნობიან და შესაძლოა, მისი შედეგების სიმცდარე მალევე დადასტურდეს, თუმცა, ეს მაინც ძალიან საინტერესო კვლევაა — მეცნიერები ყოველდღიურად არ დგებიან და არ აცხადებენ, რომ მარსზე სიცოცხლის კვალი იპოვეს.