ხარაგაულში, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა კვლავ პარალიზებულია. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირშის ინფორმაციით, გაფიცულია 200-ზე მეტი მუშა. დასაქმებულები ხელფასების 30%-ით მატებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვენ.

"დამსაქმებელი, ჩინური კომპანია, ამ დრომდე ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ და კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების წარმოების პროცესს, რასაც კრიზისი ჩიხში შეყავს", — აცხადებენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირში.

მათივე შეფასებით, გაფიცვა და მუშების მხრიდან წამოყენებული მოთხოვნები ლეგიტიმური და კანონიერია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში On.ge-ს უთხრეს, რომ გაფიცულების მოთხოვნების ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილების მიზნით კონტრაქტორ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუმცა, მათივე თქმით, დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის პირდაპირ ჩარევის უფლება არ აქვთ და საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიამ უნდა მიიღოს.

On.ge კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებას ცდილობს.