პირველი არხის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ დავით გარეჯის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულმა ფილმმა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის ენის გაძლიერებას ხელი შეუწყო. ამის შესახებ აბსანძემ 5 მაისს თავის საავტორო გადაცემა კვირის ინტერვიუში ისაუბრა და მაყურებელსა და მელაშვილს ბოდიში მოუხადა.

"ამ არხზე, ამავე საეთერო დროს, სხვა დღეს, გავიდა მედიაპროდუქტი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც, ჩემი აზრით, ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას. ეს სულ მცირე ცდება დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს, რაც ამ გადაცემაში ვიხილეთ, სეკულარული სახელმწიფოს საზოგადოებრივი მაუწყებელს სტანდარტს. ამიტომ ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერისაც", — აღნიშნა ტელეწამყვანმა.

ფილმი გარეჯის მთის სიმართლე პირველი არხის ეთერში რამდენიმე დღის წინ გავიდა და ის გადაცემა გამომძიებელი რეპორტიორის ფარგლებში მომზადდა. აბსანძე ამბობს, რომ მზადაა მომავალში ისტორიკოსი ბექა კობახიძე მოიწვიოს, რომელმაც აღნიშნულ ფილმზე "კვალიფიციური რეცენზია" დაწერა.

ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ თავის ფეისბუქპოსტში დაწერა, რომ 53-წუთიანი ფილმი არასწორ ინფორმაციებს შეიცავს, ამასთან ბევრი ფაქტი დამახინჯებულია, ხოლო ზოგიერთი "მიზანმიმართულად დამალული".

მოძრაობა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ამ ფილმის შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.