IBM-მა მომავლისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. კომპანიის თქმით, მათ პირველად შექმნეს 2 ნანომეტრიან არქიტექტურაზე დაფუძნებული ჩიპსეტი.

უკეთ რომ წარმოიდგინოთ, IBM-მა შეძლო და 50 მილიარდი ტრანზისტორი უმცირეს, ფრჩხილზე პატარა ზომის ჩიპსეტში ჩაატია.

ასეთი არქიტექტურით დამზადებული პროცესორები 45 პროცენტით უფრო სწრაფები იქნებიან, ვიდრე დღევანდელი 7 ნანომეტრიანი ჩიპები, თუ მათ ერთსა და იმავე ენერგიას მივაწვდით. თუ კი წარმადობას იგივეს დავტოვებთ, მაშინ ასეთ ჩიპსეტს 75 პროცენტით ნაკლები ენერგიის მოხმარება ექნება. მოკლედ რომ ვთქვათ, 2 ნანომეტრიანი პროცესორები იქნება იდეალური ბალანსი ენერგიის მოხმარებასა და წარმადობას შორის.

IBM-ის თქმით, 2 ნანომეტრიანი ჩიპების მქონე მოწყობილობები ოთხჯერ უფრო დიდხანს გაძლებენ ელემენტზე მუშაობისას, ვიდრე 7 ნანომეტრიანები. ლეპტოპები ასეთი ჩიპებით სისწრაფისა და ენერგო ეფექტურობის თვალსაზრისით გაცილებით უკეთესები გახდებიან, ავტონომიურად მოძრავი დანადგარები ბევრად უფრო სწრაფად შეძლებენ ობიექტების აღქმასა და რეაგირებას.

ახალი ტექნოლოგიით დიდ სარგებელს ნახავენ მონაცემთა ცენტრები, წინსვლა იქნება კოსმოსის კვლევის კუთხითაც. 2 ნანომეტრიანი პროცესორები მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს 5G და 6G ქსელების შენების პროცესშიც და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს იქნება დიდი ნაბიჯი კვანტური კომპიუტერების განვითარების გზაზეც.

IBM-მა ამით ყველა კონკურენტს დაასწრო. Apple M1 პროცესორები, რომლებსაც TSMC აწყობს, 5 ნანომეტრიან არქიტექტურაზეა დაფუძნებული. სხვა მწარმოებლები, მაგალითად AMD და Qualcomm ასევე TSMC-ის 7 ნანომეტრიან ჩიპებს იყენებენ. Intel ჯერ კიდევ 10 და 14 ნანომეტრიან არქიტექტურაზეა და 7 ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვებას 2023 წლამდე არ გეგმავს.

აღსანიშნია ის ფაქტი, რომ TSMC ასევე მუშაობს 2 ნანომეტრიან არქიტექტურაზე, თუმცა მათ გეგმებში პრიორიტეტული 4 და 3 ნანომეტრიანი ჩიპების გამოშვებაა.

ჯერ უცნობია როდის გახდება IBM-ის 2 ნანომეტრიანი ჩიპსეტები ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი, თუმცა სავარაუდოა, რომ მათ კომერციულ ვარიანტებს ჯერ კიდევ რამდენიმე წელი ვერ ვიხილავთ.