ევროკავშირის წარმომადგენლი, დირკ ბუშლე, რომელიც საქართველოში ნამახვანჰესთან დაკავშირებული დისკუსიების მედიაციისთვის ჩამოვა, ამბობს, რომ მისი მიზანი სწრაფად და მარტივად გამოსავლის პოვნაა.

"ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებსა და მთავრობასთან, რათა გამოვნახოთ გამოსავალი. ენერგეტიკული გაერთიანება არ არის მხოლოდ მთავრობათა ან პროექტების განმახორციელებელთა გაერთიანება. ჩემი მიზანია მოლოდინების შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი.

ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა გამოწვევა იყოს თავმოყრილი. პარალელურად, სამდივნო განიხილავს გარემოსდაცვითი პროცედურებთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტაციას", — ვკითხულობთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების განცხადებაში.

დირკ ბუშლე ამ გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე და დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარეა. 29 აპრილს მას ონლაინ-შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან.

მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დისკუსიებში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება 24 აპრილს გაასაჯაროვა.

გაიგეთ მეტი: