მართვის მოწმობების აღება მოპედების მძღოლებისთვის სავალდებულო ხდება. ამის შესახებ 5 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოპედების გადაადგილების უსაფრთოხებასა და გახშირებული ავარიების შესახებ საუბრისას განაცხადა.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც სამინისტრომ პარლამენტში 2019 წელს დააინიცირა, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კატეგორიაში ექცევა. კანონის მიღების შემთხვევაში, მოპედისა და კვადროციკლისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა.

"კანონპროექტის მიხედვით, ხდება სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების/ქვეკატეგორიების დეფინიციების, ასევე, ამა თუ იმ კატეგორიისთვის/ქვეკატეგორიისთვის დადგენილი მინიმალური ასაკობრივი ზღვარის დირექტივასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა.

წინამდებარე კანოპროექტის თანახმად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები (გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით)", — განმარტებულია კანონპროექტში, თუმცა მითითებული არ არის, რას გულისხმობს "გარკვეული თავისებურებები".

ამასთანავე, მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები, როგორც მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები სააგენტოში რეგისტრაციასაც დაექვემდებარება.

პროექტში გარადმავალი პერიოდის დაწესებაც არის გათვალისწინებული, რომლის თანახმად, კანონით განსაზღვრულ ვადებში მოპედისა თუ მსუბუქი კვადროციკლის მართვა დასაშვები იქნება მართვის მოწმობის გარეშეც.

"გარდამავალი პერიოდის დაწესება განპირობებულია იმით, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ გარკვეული დრო, რათა მოახდინონ ახალ რეგულაციებთან ადაპტაცია, ჩააბარონ შესაბამისი თეორიული გამოცდა, მიიღონ შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მათ მფლობელობაში არსებული AM კატეგორიის (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი) სატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრირონ სააგენტოში", — ნათქვამია დოკუმენტში.

სწორედ ამ კანონპროექტში ჩაიწერა მართვის მოწმობასთან დაკავშირებით დაგეგმილი სხვა ცვლილებებიც, მათ შორის, ორეტაპიანი გამოცდა ავტომანქანაზე მართვის უფლების მისაღებად.

"პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება), ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე", — აღნიშნულია პროექტში.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მართვის უფლებებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკიც. კერძოდ, A1 ქვეკატეგორიის და B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი 17 წლის ნაცვლად, 18 წელი იქნება.

შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა და ის წინა მოწვევის პარლამენტში 2019 წელს დაინიცირდა, თუმცა განხილვები ამ დრომდე არ დასრულებულა. პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის დადგენილების მიხედვით, ეს ცვლილებები იმ კანონპროექტებს შორისაა, რომლებზე მსჯელობა დეპუტატებმა მიმდინარე წელს უნდა გააგრძელონ.