ბექობის არწივმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 4 წლის წინ გაკეთებულ ხელოვნურ ბუდეზე დაიბუდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე საბუკო — საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის ავრცელებს.

საბუკოს ცნობით, გაშლილ ტერიტორიაზე ფრინველებს ბუდის მოსაწყობად მოსახელთებელი ადგილი არ ჰქონდათ, ამიტომ, საზოგადოებამ 2016 წელს მათ ხელოვნური ბუდე დაუდგა, რომელსაც, მობინადრე 4 წლის დაგვიანებით გამოუჩნდა.

საბუკო, რომელიც 2014 წელს დაფუძნებული ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციაა, წითელ ნუსხაში შეტანილი ბექობის არწივის ინდივიდების მონიტორინგს უკვე წლებია, ახორციელებს. ამ საქმიანობის ნაწილია ფრინველებზე GPS გადამცემების დამაგრება, რომლის საშუალებითაც მათ გადაადგილებას ყოველდღიურად ადევნებენ თვალს.

ბექობის არწივების პოპულაციის შემცირებას, ელექტროგადამცემ ხაზებთან ერთად, ადამიანების ქმედებები იწვევს, მათ შორის, ბუდეების დანგრევა და ნადირობა. 1994 წელს ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანებამ ფრინველი წითელი სიის მოწყვლად სახეობებს შორის შეიყვანა. ზღვის დონიდან 1 000 მეტრის სიმაღლეზე მობინადრე ინდივიდების რაოდენობა ამ დროისათვის, დაახლოებით, 2 500-დან 9 999-მდე მერყეობს.