ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს ისეთ "პოლიტიკურ ლაბირინთში" აღმოჩნდა, რომელიც მისივე პარტიის "ფაქტიურმა თავმჯდომარემ" შუქმნა.

"ეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა ორივე შემთხვევაში, ის დატოვებს ციხეს თუ დარჩება ციხეში, იქნება დაზარალებული და დაზიანებული პოლიტიკურად. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაციონალური მოძრაობის ფაქტიურმა თავმჯდომარემ მოუგო ნაციონალური მოძრაობის ფიქტიურ თავმჯდომარეს.

თუ ის დარჩება ციხეში, ბუნებრივია, ვერ გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას, თუ გამოვა ციხიდან, მაგალითად, გირაოს სახით და ამნისტია შეეხება, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ პოლიტიკურად მაინც დაზიანდება, იმიტომ, რომ თავისი პრინციპების წინააღმდეგ მოუწევს წასვლა. ასეთი სვლა გაუკეთა მისივე პარტიის ფაქტიურმა თავმჯდომარემ და აღმოჩნდა ამ სიტუაციაში", — განაცხადა მან.

ნაციონალურმა მოძრაობამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც, მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამნეტში შესვლას გულისხმობდა ხელი არ მოაწერა. მათ თქვეს, რომ დოკუმენტს ხელს პარტიის ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ მოაწერდნენ, თუმცა, აქამდე დაზუსტებით პარტიის არც ერთ წევრს არ უთქვამს, რომ მელიას გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებდნენ.

თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე უარი განაცხადა, თუმცა 26 აპრილს მან გირაოთი გათავისუფლებაზე მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი სალომე სამადაშვილმა. 30 აპრილს მან განაცხადა, რომ ოპოზიციამ პარლამენტის საქმიანობაში აქტიურ ჩართვაზე მელიას გათავისუფლებამდეც უნდა იმსჯელოს.

გაიგეთ მეტი: