პარლამენტის დეპუტატს, დავით მათიკაშვილს ჰგონია, რომ ბაქოში პრემიერმინისტრის ვიზიტის დროს დავით გარეჯში ივერი მელაშვილის ჩასვლა, შესაძლოა, პროვოკაციის ნიშნებს შეიცავდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

"საქართველოს პრემიერმინისტრის ბაქოში ვიზიტთან ერთად ცოტა არ იყოს და პროვოკაციულად მეჩვენება საერთოდ ამ პიროვნების [ივერი მელაშვილის] იქ ჩასვლა და ეს ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა, გარკვეულ პროვოკაციას ჰგავდა. მე არანაირი უფლება არ მაქვს, ასე დავადასტურო, მაგრამ ნამდვილად ასე ჩანდა", — განაცხადა მათიკაშვილმა.

4 მაისს დავით გარეჯში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფ ივერი მელაშვილს დაუპირისპირდნენ. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აგრესიული სასულიერო და სამოქალაქო პირები მელაშვილს ემუქრებიან და ჟურნალისტს ფიზიკურად უხეშად ეხებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით 5 მაისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც პრემიერმა თქვა, აზერბაიჯანულ მხარესთან მათ დავით გარეჯის საკითხი და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაც განიხილეს.