BBC იუწყება, რომ კანადის პროვინცია ნიუ ბრანსუიკში ტვინის მისტიკური დაავადების 48 შემთხვევა დაფიქსირდა. 18-დან 85 წლამდე ასაკის პაციენტებს სხვადასხვა სიმპტომები გამოუვლინდათ, დაწყებული აგრესიიდან, გაგრძელებული დეპრესიით, შფოთვით, კუნთების ტკივილით და სპაზმებით. ზოგიერთ მათგანს განუვითარდა ინსომნია, მეტყველების დაქვეითება, სწრაფი წონის კლება და კუნთების ატროფია.

რამდენიმე პაციენტს აღენიშნებოდა ჰალუცინაციებიც, მათ შორის გარდამავალი "კაპგრას ბოდვა" — ფსიქიატრიული აშლოლობა, რომლის დროსაც პაციენტს სჯერა, რომ მისი ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი თვითმარქვიამ ჩაანაცვლა.

ამ სიმპტომების დიდი ნაწილი გამოუვლინდა როჯერ ელისს, რომელიც 1960-იან წლებში დაიბადა და გაიზარდა ნიუ ბრანსუიკის აკადის ნახევარკუნძულზე (შემთხვევების უდიდესი ნაწილი სწორედ აქ ფიქსირდება).

"იგი ბოდავდა, ჰალუცინაციები ჰქონდა, წონაში დაიკლო, აგრესიული გახდა და საუბრისას ხშირად იმეორებდა ხოლმე ერთსა და იმავეს", — უყვება BBC-ს ელისის შვილი, სტივი. "რაღაც პერიოდის მანძილზე სიარულიც კი არ შეეძლო. სამი თვის მანძილზე დაგვყავდა საავადმყოფოში და გვეუბნებოდნენ, რომ კვდებოდა, მაგრამ არავინ იცოდა, თუ რატომ".

თავდაპირველად ელისის ექიმებს ეს კროიცფელდ-იაკობის დაავადება — ფატალური და იშვიათი დეგენერაციული ტვინის აშლილობა ეგონათ. თუმცა, როგორც სხვა უამრავი ტესტის შემთხვევაში, ამ დაავადების ტესტის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდა.

"მოსაზრება, რომელზეც ექიმების დიდი ნაწილი ვთანხმდებით, ისაა, რომ ამ პაციენტის გარემოში უნდა იყოს რაიმე ნივთიერება, რაც დეგენერაციულ ცვლილებებს იწვევს", — განუცხადა BBC-ს ელისის ექიმმა, ალიერ მარერომ.

ექიმები ასევე არ გამორიცხავენ კავშირს "ექსიტოტოქსინის" მსგავს დომოის მჟავასთან — ნივთიერებასთან, რომელმაც 1987 წელს პრინც ედვარდის კუნძულის ახლომდებარე პროვინციაში მოსახლეობის ნაწილის საკვებით მოწამვლა გამოიწვია.