იტალიური ტანსაცმლის ბრენდის, Max Mara-ს რეკლამა დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ აიკრძალა, რაც რეკლამის სტანდარტებზე პასუხისმგებელმა ოფიციალურმა ორგანომ სამი საჩივარი მიიღო.

ფოტო: PA

რეკლამა ჟურნალში Sunday Times 28 თებერვალს გამოჩნდა. საჩივრის მიღების შემდეგ, უფლებამოსილმა ორგანომ აღნიშნა, რომ მოდელი ისეთი რაკურსით იყო გადაღებული, რომელიც მის ძალიან გამხდარ აღნაგობას უსვამდა ხაზს. მათი თქმით, მოდელის კაბასა და ღია განათებას შორის კონტრასტი მის სიგამხდრეს კიდევ უფრო გამოკვეთდა. სტანდარტებზე პასუხისმგებელი ორგანო მიიჩნევს, რომ რეკლამაში მოდელი არაჯანსაღად გამხდარი ჩანს, რის გამოც რეკლამა აიკრძალა.

"ამ მიზეზების გამო მივიჩნევთ, რომ მოდელი ზედმეტად გამხდარი ჩანს და დავასკვენით, რომ აღნიშნული რეკლამა უპასუხისმგებლოა... ჩვენ Max Mara-ს განვუცხადეთ, ყოველთვის დარწმუნდნენ, რომ რეკლამისთვის ფოტოები პასუხისმგებლობით იყოს მომზადებული", — განაცხადა ორგანომ.

რეკლამის აკრძალვას, თავის მხრივ, ბრენდიც გამოეხმაურა:

"არ ყოფილა მოდელის სიგამხდრეზე ყურადღების გამახვილების ან არარეალური იდეალების პოპულარიზაციის მიზანი, ამასთანავე, ფოტოში არაფერია ისეთი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ მოდელს კვებითი აშლილობა აქვს ან პათოლოგიურად გამხდარია..." — ვკითხულობთ განცხადებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ უფლებამოსილმა ორგანომ იგივე მიზეზით 2018 წელს კომპანია Nasty Gal-ის საცურაო კოსტიუმების რეკლამაც აკრძალა.