ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი დავით გარეჯში არ უნდა ჩავიდეს და შეურაცხმყოფელად მოიხსენია.

"უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს, დაეტიოს. მაგას შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ტაშს ვინც უკრავდა. ქართველ ერთან გამოსასვლელი ცხვირ-პირი მაგას არ აქვს. ახლა როგორც გინდათ ისე შეაფასეთ და ვისაც უნდა ისე შეაფასოს. ჩემი ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით", — განაცხადა მთავარეპისკოპოსმა ჟურნალისტებთან.

მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ დავით გარეჯში მელაშვილის ჩასვლა, შესაძლოა შეგნებული პროვოკაცია ყოფილიყო.

"ვინ ნასვამი იყო და ვინ არა, არ ვიცი. გაქვთ საბუთი, რომ ნასვამები იყვნენ? თუ სუნი ამოდიოდათ? გუშინ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი. რა ვიცი, რომ ივერის მხრიდან ეს შეგნებული პროვოკაცია არ იყო, ხო? მე ის ადამიანი არ ვარ, რამე ვთქვა და ვინმემ მითხრას ბოდიში მოიხადეო.

ივერის რომ დაინახავ შევადარებდი კორიდას, ხართან რომ გადიან, რა. ივერი არის მატადორი. თქვენ ჟურნალისტები გამოდიხართ უბრალოდ, რა, რომ ესვრიან ხოლმე, ლახვარს რომ არჭობენ, კლავთ ხარს, ხო? ის ხარი გირქენს მერე, წაგაქცევს. შენ ხო კლავ, მერე მიაქვთ და აჭმევენ ადამიანებს, ხო? როცა მიდიხარ, პირნათელი ხომ უნდა იყო, თან 6000 ბერის ხსენების დღეა?", — ამბობს სინოდის წევრი.

4 მაისს დავით გარეჯში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფ ივერი მელაშვილს დაუპირისპირისპირდნენ. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აგრესიული სასულიერო და სამოქალაქო პირები მელაშვილს ემუქრებიან და ჟურნალისტს ფიზიკურად უხეშად ეხებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.