ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა შფოთვითი აშლილობაა, რომელიც არასასურველი ფიქრებითა და რიტუალებით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, როგორ აჩვენებენ ამ აშლილობას მედიაში, OCD არაა არც სისუფთავეზე "ჩაციკვლა" და არც მოწესრიგებულობა. OCD-ს მქონე ადამიანები ამ დაავადებას ხშირად მონსტრს ადარებენ, რომელთან ერთადაც ცხოვრება უწევთ. ეს მონსტრი ყურში ათასგვარ საშინელებას გეუბნება და ხშირად რთულია იმის გარჩევა, რამდენად რაციონალურია ესა თუ ის აკვიატებული აზრი.

ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ Friends-ის მონიკა გელერთან საოცარ სულიერ სიახლოვეს გრძნობ, ნუ იტყვი, რომ OCD გაქვს. ამით შეიძლება ის ადამიანები გაანაწყენო, რომლებსაც მართლა აქვთ ეს აშლილობა. თუმცა, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან უმრავლესობა გეცნობა, კარგი იქნება, თუ ფსიქიატრთან კონსულტაციას გაივლი.

1. არასასურველი ფიქრები, რომლებიც არსაიდან ჩნდებიან

ფოტო: Getty

OCD-ის ერთ-ერთი სიმპტომი არასასურველი ფიქრებია, თუმცა არასასურველ ფიქრებს ადამიანთა 94% განიცდის. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს არ აქვს ეს აშლილობა. ამ ფიქრების ინტენსივობა და ხასიათი ინდივიდუალურია — დაწყებული იმაზე ფიქრიდან, გამორთე თუ არა სახლში ღუმელი, დამთავრებული შიშით, რომ შეიძლება გაუცნობიერებლად ვინმეს მეტროში ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო. ამ აზრების არსებობა ავტომატურად OCD-ზე არ მიუთითებს. მთავარი ისაა, როგორ რეაგირებ მათზე. თუ მარტივად შეგიძლია ფიქრის მოშორება და ცხოვრების გაგრძელება, მაშინ შენ უბრალოდ 94%-იანი სტატისტიკის ნაწილი ხარ, მაგრამ OCD-ის შემთხვევაში ამ ფიქრებს შეუძლიათ, მთელი დღე შეცვალონ და ფუნქციონირებაში ხელი შეგიშალონ. ხშირად OCD-ს "ფიქრების შიშსაც" უწოდებენ. მაგალითად, "თუ კიბოზე ბევრს ვიფიქრებ, დამემართება". ამგვარ ფიქრებს ფიზიკური ან მენტალური რიტუალები მოჰყვება, რათა პოტენციური საფრთხე თავიდან იქნეს არიდებული. როცა რიტუალების შესრულება ნებაყოფლობითი არაა და ეს პროცესი ადამიანის ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს, სპეციალისტის ჩარევა აუცილებელი ხდება.

2. მუდმივად ფიქრი იმაზე, რომ ცუდი ადამიანი ხარ

ფოტო: CALUM HEATH

"სერიული მკვლელებით შეპყრობილობა იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ მეც სერიული მკვლელი ვარ, უბრალოდ პირველი დანაშაული ჯერ არ ჩამიდენია და ამ თემაზე ამდენ ინფორმაციას იმიტომ ვაგროვებ, რომ მარტივად ვერ დამიჭირონ?!"

3. ბანაობის დამღლელი რიტუალი

ფოტო: NPR

ყოველი ბანაობა დამღლელია, რადგან აერთიანებს ბანაობის წინა, ბანაობის პროცესში და ბანაობის შემდეგ განკუთვნილ ქმედებებს, რომლებიც ზუსტი თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს.

4. პერფექციონიზმი

ფოტო: We Are/Getty; Gif by NPR

პერფექციონიზმი OCD-ის გარეშეც არსებობს და შეიძლება ხასიათის თვისება იყოს და არა სიმპტომი. OCD-ის შემთხვევაში პერფექციონიზმი ადამიანს ხშირად საქმის შესრულებაში უშლის ხელს, რადგან "ყველა დეტალი იდეალური უნდა იყოს". საქმით შეპყრობილობა ხშირად OCD-ის მქონე ადამიანის ცხოვრების უდიდეს ნაწილს იკავებს და ადამიანური კავშირებისთვის ადგილი აღარ რჩება. წესები, სიები, ყველაფრის ასჯერ გადამოწმება — ეს OCD-ის მქონე ადამიანს აუტანელი სტრესის ქვეშ ამყოფებს. როცა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მას წარმოედგინა, ბრაზი და შფოთვა გარდაუვალია.

5. დეპრესია და შფოთვა

ფოტო: Getty

OCD-ის კომპანია უყვარს და ხშირად გვხვდება დეპრესიასთან, შფოთვასა თუ კვებით აშლილობებთან ერთად. OCD-ს ხშირად ახასიათებს სხვადასხვანაირი "ტიკები".

6. ფრჩხილების კვნეტა, თმის მოქაჩვა, კანის წვალება, ტუჩების ჭამა

ფოტო: Getty

თუ OCD გაქვს, დიდი შანსია, ჩამოთვლილი "მავნე ჩვევებიდან" ერთ-ერთი მაინც გქონდეს. ეს ქცევა თვითდამშვიდებასა და შფოთვის შემცირებას ემსახურება, თუმცა გრძელ ვადაში თავად ხდება შფოთვის მიზეზი. სხვების მიერ ნათქვამი "შეწყვიტე" სრულიად უშედეგოა და ამ ქცევების გადასადგებად კომპლექსური მიდგომაა საჭირო: თერაპია, საკუთარ თავზე ზრუნვა, სოციალური მხარდაჭერა და ზოგ შემთხვევაში — მედიკამენტებიც.

7. ყველაფრის შემოწმება.. და კიდევ შემოწმება და კიდევ შემოწმება

ფოტო: Getty

"კარი დაკეტილია? ცოტა ხნის წინ კი შევამოწმე, მაგრამ იქნებ ჩემი გონება მატყუებს, რომ შევამოწმე? დაკეტილი ყოფილა. და გაზი გადავკეტე? უნდა ვნახო. გადამიკეტავს, კარგი, ყველაფერი რიგზეა, შემიძლია სახლიდან გავიდე. 7 წუთის შემდეგ, უკვე გზაში ყოფნისას: "და კარი დავკეტე, მეორედ რომ გამოვედი?"

იგივე პროცესი ციფრულ სამყაროშიც მიმდინარეობს: დაწყებული ფაილის ყოველ 2 წამში დასეივებით, დასრულებული ზუმის ქოლისას იმაზე ნერვიულობით, მართლა გათიშულია თუ არა მიკროფონი.

8. შეგრძნება, რომ შენი ტვინის ლოგიკური ნაწილი OCD-ის მქონე ნაწილს ტყვედ ჰყავს აყვანილი

ფოტო: Getty

რა თქმა უნდა, ლოგიკურად გესმის, რომ ხელის დაბანასა და მშობლების გარდაცვალებას შორის კავშირი არ არსებობს, მაგრამ ტვინის სხვა ნაწილი გიბიძგებს, რომ რიტუალი ბოლომდე მაინც მიიყვანო.

9. აკვიატებული თემები

ფოტო: NPR

დაბინძურების შიში, ვინმესთვის რაიმეს დაშავების შიში, სექსუალური ხასიათის არასასურველი ფიქრები, კონტროლის დაკარგვისა და გაგიჟების შიში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შიშები — ეს ის თემებია, რომლითაც OCD ოპერირებს და ერთთან გამკლავების შემდეგ ხანდახან მის ადგილას რამდენიმე ახალი ჩნდება.

10. სხვების მხრიდან დარწმუნების საჭიროება

ფოტო: NP

OCD რეალურად გაჯერებს შეთქმულების თეორიებს საკუთარი თავის შესახებ: მაშინაც კი, როცა გარშემო ყველა გიმეორებს, რომ კარგი ადამიანი ხარ, შეიძლება იფიქრო, რომ იმდენად ცუდი ხარ, რომ ყველა გააცურე. იმის გამო, რომ საკუთარ თავს საკუთარი თავისვე შეფასებაში ვერ ენდობი, გარშემომყოფებისგან მუდმივ გამხნევებას, დარწმუნებასა და გადარწმუნებას საჭიროებ, რაც შეიძლება სხვებისთვის დამღლელი იყოს.

"ერთადერთი გზა, რომ OCD-ისგან გათავისუფლდე, საკუთარი შიშებისთვის თვალის გასწორებაა" — აცხადებენ ფსიქიატრები. OCD-ის უმეტესად ფსიქოთერაპიით და მედიკამენტებით მკურნალობენ. იმისთვის, რომ აშლილობა მართვადი გახდეს, აუცილებელია კავშირი შიშსა და მის გამანეიტრალებელ საქციელს შორის გაქრეს, რის შემდეგაც პაციენტი აცნობიერებს, რომ რისიც ეშინია — არ მოხდება, იმის მიუხედავად, თუ როგორ მოიქცევა თვითონ.

თუ ეს სტატია მოგეწონა, შემოგვიერთდი ჯგუფში მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი, სადაც წევრები ინფორმაციას ცვლიან, ერთმანეთს ამხნევებენ და ცდილობენ, დაამსხვრიონ სტიგმა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.