შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურს მიაჩნია, რომ ამნისტიის პოლიციელებზე გავრცელება უსამართლო არ არის. ის ამას იმით ხსნის, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უფრო მძიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, ამიტომ გომელაური სვამს კითხვას — "რატომ არ უნდა შეეხოს უფრო მსუბუქ მუხლებს?"

"მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ალბათ, ამნისტიას, შევეწინააღმდეგებოდი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ევროპის პოლიტიკოსები იყვნენ ჩართულნი, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა.

არ მიმაჩნია უსამართლოდ, რომ პოლიცილებესაც ეხებათ. რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და პოლიციელებს ვიცავ. ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელაის აქვს წაყენებული და ბატონ ნიკა მელიას თუ უნდა შეეხეოს ეს, უფრო მსუბუქ მუხლებს ეს ამნისტია რატომ არ უნდა შეეხოს? ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა. მძიმეს ისედაც არ ეხება, აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ სამართლიანია", — თქვა მან.

ამნისტიის კანონი შეთანხმების თანახმად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეეხება. თუმცა საუბარია იმაზეც, რომ გათავისუფლდებიან სამართალდამცავი უწყების ის წარმომადგენლებიც, რომლებმაც 20 ივნისის აქციაზე ძალას გადაამეტეს.

28 აპრილს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსია დარეგისტრირდებოდა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ ვერსიაში საუბარია დაზარალებულის ნების გათვალისწინებაზე, ქართული ოცნებისაში კი — არა.

თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე უარი განაცხადა, თუმცა 26 აპრილს მან გირაოთი გათავისუფლებაზე მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.