შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, "როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები შეაფასა.

"იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის არ მუშაობდა კანონი, ასე ვიტყოდი, ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ იყო, ჯერ პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიმსჯელეთ, რომ ადამინი არღვევდა ათჯერ ამ კანონს, 166-ე ან 173-ს მუხლებს და ეს თემა იფარგლებოდა შენიშვნით. ეს ხდებოდა უკვე ხშირად და ახალისებდა, ასე ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ როცა აშავებ უნდა დაისაჯო კიდევაც", — თქვა მან.

გომელაურის თქმით, ეს კანონი მხოლოდ აქტივისტებს არ ეხებათ და მოქმედებს ყველა მოქალაქეზე.

"მნიშვნელობა არა აქვს [...] მარტო აქტივისტებზე არ არის გათვლილი, ეს კანონია საქართველოსი [...] ხვალ მეც ვიქნები მოქალაქე ჩვეულებრივი, ჩემი შვილიც მოქალაქეა და ეს კანონი ყველაზე მოქმედებს, ოპოზიცია, როგორც საუბრობს, არა მარტო ოპოზიციაზე, ყველაზე მოქმედებს. მათ შორის, ჩემს შვილზე და ყველაზე", — განაცხადა გომელაურმა.

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებულად განიხილავდა. ცვლილებები 2021 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.

წვრილმან ხულიგნობაზე პირველი ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში, სანქცია რჩება იგივე, ანუ 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა. განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 1 500-დან 2 000 ლარამდე ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობა.

რაც შეეხება სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000-დან 3 000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში 3 500 ლარიდან 4 500-ლარამდე ჯარიმა ან 7-დან 15 დღემდე პატიმრობა.

ამასთან ცვლილება ეხება პატიმრობასაც. 247-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

  1. ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა წარედგინება სასამართლოს.
  2. მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.
  3. თუ დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
  4. დაკავებული პირი სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს დროებით მოთავსების იზოლატორში.

კანონპროექტს აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც: