დავით გარეჯში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფ ივერი მელაშვილს დაუპირისპირისპირდნენ. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აგრესიული სასულიერო და სამოქალაქო პირები მელაშვილს ემუქრებიან და ჟურნალისტს ფიზიკურად უხეშად ეხებიან.

"ვერ გადაგვირჩები" — ყვირიან აგრესიული პირები და მელაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ასევე, მოღალატეს უწოდებენ და ემუქრებიან, რომ მეორედ დავით გარეჯში აღარ ჩავიდეს.

კადრში ჩანს ისიც, რომ ერთ-ერთი პირი ჟურნალისტს უკნიდან ხელს კრავს, მანქანაში ჩაჯდომას აიძულებს და შეურაცხყოფას აყენებს.

როგორც On.ge-ს მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა, იქ მყოფი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს და ოპერატორს, მელაშვილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე ცნობით, ივერი მელაშვილი და მთავარი არხის გადამღები ჯგუფი პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად მიდიან.

"ბატონი ივერი მთავარის გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა დავით გარეჯის ტერიტორიაზე, სიუჟეტს ამზადებდნენ კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, როგორც ივერიმ მითხრა და ჟურნალისტსაც ველაპარაკე, სასულიერო პირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირება უფრო ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ იყო, ივერის მიმართ, როგორც ვიცი ამ ეტაპზე, ფიზიკური შეხება არ ყოფილა, თუმცა სიტყვიერად აყენებდნენ შეურაცხყოფას", — აცხადებს მარიკაშვილი.

აღნიშნულ ინციდენტზე On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.