საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია "გაწირა თავისმა პარტიამ".

"ადამიანურად მგონია, რომ ეს ადამიანი გაწირა თავისმა პარტიამ. თქვენ იცით, რომ აქ წარმოდგენილია ნაციონალური მოძრაობა. უფრო მეტიც, თავისი ბელადი [მიხეილ სააკაშვილი] უკვე იქედან [უკრაინიდან] კარნახობს, რომ აი გამოდი და მოაწერე [ხელი] ამნისტიას. მას მოუწევს პარლამენტში შემოსვლა და სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ, მელია გაება თავისი გუნდის მიერ და ბელადის მიერ დაგებულ ხაფანგში და ეს თავის თავს დააბრალოს", — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

2 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას მისი ადვოკატები 4 მაისს ციხეში მოინახულებდნენ და 5 მაისს იგი საპატიმროს ევროკავშირის გირაოს სანაცვლოდ დატოვებდა. ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფნის ციხეში მონახულებას აპირებს, თუმცა ეს "ჩვეულებრივი ვიზიტია".

20 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მელიას უპირობოდ გათავისუფლების სანაცვლოდ პარტიამ ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც, მათ შორის, 20 ივნისის საქმეზე ამნისტიას გულისხმობს. ორი დღის შემდეგ, ნიკა მელიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე ციხიდან დაპოსტა, რომ 20 ივნისის საქმის ამნისტია დაუშვებელია.

გაიგეთ მეტი: