კომენდანტის საათი უკვე ნახევარი წელია მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 თვეა შეზღუდული გვაქვს თავისუფლად გადაადგილებისა და ღამის ისე გატარების უფლება, როგორც ამას გული მოინდომებს. ფაქტობრივად, ნახევარი ცხოვრებით ვცხოვრობთ და ეს საერთოდ არ მოგვწონს.

ნახევარი წელი საკმარისად დიდი დროა იმისთვის, რომ დაგავიწყდეს მანამდე არსებული სამყარო და იმაზე იწყებ ფიქრს, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, სულ კომენდანტის საათი რომ ყოფილიყო. ამ ფიქრებში კითხვაც გიჩნდება, ასეთ პოსტაპოკალიპტურ რეალობაში რა ეშველებოდათ ქართველ მომღერლებს, თუ მთვარიან და ვარსკვლავიან ღამეს ვეღარ უმღერებდნენ? რა მოუვიდოდა ქართულ ესტრადას, თუ ღამე მივიწყებულ მოგონებად იქცეოდა? ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ, ვერასდროს მოისმენდით შემდეგ ქართულ ჰიტებს.

1. ღამის სიჩუმე გაფანტე?

თავიდანვე მძიმე დარტყმას მოგაყენებთ, რომ სხვები მარტივად გადაიტანოთ — ასეთ სამყაროში ლელა წურწუმია ღამის სიჩუმეს ვეღარ გაფანტავდა.

ვერავის გაანდობდა ღამის ოცნებას, ვერავინ აანთებდა მისთვის ვარსკვლავს, რადგან სახლში ყოფნა მოუწევდა, ვარსკვლავებიან ცას კი მხოლოდ ფანჯრიდან დაინახავდა. ამის გამო, არც რომანტიული აზრები მოუვიდოდა და მილენიალების თუ ქართული რესტორნების ერთ-ერთი საყვარელი ჰიტი საერთოდაც არ იარსებებდა.

2. ღამე ქუჩას მიუყვები?

ვაი, რომ მხოლოდ ეს არ იქნებოდა ლელას გასაჭირი, რადგან წვიმიან ამინდში მთვარეს სევდიანი ვერაფერს მოუყვებოდა, ვერც ვარსკვლავებით განათებულ სავალ გზებს იპოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კიდევ ერთი ჰიტი, "ღამე ქუჩას მივუყვები" უბრალოდ არ იარსებებდა.

3. არაიდუმალი ღამე

საქმე თანდათან უფრო და უფრო რთულდება — ვიაზრებთ, რომ მუდმივი კომენდანტის საათი ლელას კიდევ ერთ სიმღერას იმსხვერპლებდა. როგორ შეძლებდა ემღერა ბნელ ქუჩებზე, იდუმალ ღამეზე და ცივ მთვარეზე, თუ ამ ყველაფერს ვერ შეიგრძნობდა?

4. ღამეაააა :(

გრძნობ, რომ უკვე შფოთვა გერევა? კომენდანტის საათის რეალობაში ლელა წურწუმია ლამის უმუშევარი დარჩებოდა, რადგან სახლში გამოკეტილ ცხოვრებას მისი კიდევ ერთი სიმღერა ემსხვერპლებოდა.

უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება წურწუმიას სულისშემძვრელი "ღამეააააააააააას" გარეშე. მერე ვერც "ეეეეეეეე ღამეა, ღამეა, ღამეა ეა, ეა" მოისმენდით.

5. ღამით სხვის ბაღში ღიღინებ?

დავუშვათ, აბიბინებული შულავერის ფოტოები ნახეთ და ძველი სიმღერა, "ყაყაჩო" გაგახსენდათ. ეძებთ YouTube-ზე, მაგრამ ვერ პოულობთ? რატომ? იმიტომ, რომ 2 000-ლარიანი ჯარიმის შიშით ავტორი ღამით სხვის ბაღში ვერ იღიღინებდა და იქაური ყაყაჩოც ვერ გაუღიმებდა.

6. გათენდება კომენდანტური ღამე

ისეთ სამყაროზე რას იტყვი, სადაც მატრიცას ლაბადებში ჩაცმული თამუნა ამონაშვილი და ლალი ტოტიკაშვილი კაბრიოლეტში ვერ სხდებიან, იმის გამო, რომ სახლში სხედან? ვინ იმღერებდა ამ დროს, რომ "გათენდება ის ერთი ღამე და ისევ მოლოდინი დაღლის თვალებს"?

7. ღამის ფართი?

"იწყება ფართი, ღამის ფართი იწყება" — გრძნობთ, როგორ ქრება სიტყვები სეიშენის სიმღერიდან? გული გტკივათ, მაგრამ ხვდებით, რომ ჭიქები ფერადი კოქტეილებით ვერ ივსება, რადგან ღამით ფართი ისჯება? ჰო, იმ სამყაროშიც, კომენდანტის საათთან ერთად სოციალური ღონისძიებები აკრძალულია, ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან.

8. ვერდახატული ღამე

ეეჰ, ღამე იხატება და ულამაზესადაც, ამას ვან გოგის შემოქმედებაც მოწმობს, მაგრამ ვაი, რომ გაგა ჩიხლაძე ვერ დახატავდა, რადგან სარკმლიდან ღამის მაგიას ვერ შეიგრძნობდა.

9. არაჯადოსნური ღამე

არ ვიცი, აქამდე როგორ გაგიძლოთ გულმა, მაგრამ რადგან ამტანები ხართ, ამასაც გეტყვით — კომენდანტიან სამყაროში ახალი წლის ღამეც გაუფერულდებოდა, მთავრობას გამონაკლისის დაწესება მობეზრდებოდა და 31-შიც გამოგვკეტავდა სახლში. შესაბამისად, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, თუ ბალიშის ქვეშ შეყოფ პატარა ხელს, ვერაფერსაც ვერ იპოვი, რადგან შენი ქრაში და სანტა სახლიდან ვერ გამოდიან.

10. მთვარე ამოსვლას რომ დააპირებს...

მთვარე ამოსვლას რომ დააპირებს, ბადით ვერ ჩაყვები მტკვრის ნაპირებს. მაქსიმუმ სახლში მოკალათებულმა იღიღინო: "დარარირა რარრარირო, დარარირა რარრარო...."

ბონუსი: "ოცნებების" ღამე

სტატიის დასასრულს გეტყვით, რომ შეიძლება ყველა სხვა სიმღერა კომენდანტს ჩაეყლაპა, მაგრამ, სავარაუდოდ, გადარჩებოდა ბერა ივანიშვილის ოცნებების ღამე. თუ არ გადარჩებოდა და...