სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით მყოფი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში მეტი ევროპაა საჭირო. მისივე თქმით, დასავლეთის გავლენა საკმარისი არ არის და შედეგად რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალა უფრო იზრდება.

"სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სხვადასხვა პრობლემა აქვთ, ერთი მსგავსი ფენომენით – რუსეთის გავლენა რეგიონში იზრდება. სომხეთი საკუთარ ქვეყანაში რუსულ ჯარს აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიისგან თავდაცვის საშუალებად ხედავს. სინამდვილეში გაუგებარია საფრთხე არსებობს თუ არა აზერბაიჯანისგან, მაგრამ რუსეთს ნებაყოფლობით დამატებითი ძალები შეჰყავს. ეს საშინელებაა, რადგან ლიეტუვის 1940-იან წლებს მაგონებს", — წერს ის Facebook-ზე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს გამოწვევები მათთვის უფრო ნაცნობია. ის აღნიშნავს, რომ 2008 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი ჯარისკაცები ჩნდებიან და ახალ ბაზებს აშენებენ.

"მთელ რეგიონს თუ დავაკვირდებით, ჩანს რომ რუსეთი ყველგან "კალინინგრადს" აშენებს, მკაცრად მილიტარიზებულ ანკლავებს, რომელთა დახმარებითაც ამ ქვეყნებში სამხედრო ჩარევის საფრთხე იქმნება.

ექსპერტები სამივე ქვეყნიდან თანხმდებიან, რომ შეერთებული შტატების უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და მზარდი რუსული სამხედრო ძალა რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას უფრო მეტი ევროპა სჭირდება. ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმებისთვის ხელის შეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, — როგორც ეს საქართველოში მოხდა. ევროპა რბილი ძალაა და სწორედ ეს სჭირდება სამხრეთ კავკასიას. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდა. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობამ 10 წლის წინ დაიწყო. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით დასაბრუნებელ გზას, შეიძლება დასაბრუნებელი ადგილიც აღარ იყოს", — აცხადებს ლანდსბერგისი.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისის ვიზიტი საქართველოში 27 აპრილს სომხეთიდან ჩამოსვლით დაიწყო და 29 აპრილს, მინისტრის აზერბაიჯანში გამგზავრებით დასრულდა. მინისტრი საქართველოში მთავრობას, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

"P.S. თუ სწორად ვითვლი, 35 შეხვედრა მქონდა, რამდენიმე ინტერვიუ, სამჯერ სირბილი და 5 PCR ტესტი. ახლა ყველაფერს ვალაგებ და ოდნავ ფეხზე ვერ ვდგავარ, მაგრამ თუ დამჭირდა, ხვალვე შემიძლია ჩემოდნის ჩალაგება და უკან დაბრუნება", — დაწერა მან სოციალურ ქსელში.