ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სინოფარმის ვაქცინით აიცრება. აღნიშნულზე მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

"ნუ უსმენთ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს, აცრა ერთადერთი გამოსავალია. მე 10-ში ვიცრები და იმედი მაქვს, ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გავუფრთხილდები", — წერს დეკანოიძე.

როგორც ის On.ge-სთან განმარტავს, არ აქვს იმედი, რომ ახლო მომავალში უფრო ფართო არჩევანი იქნება ვაქცინების და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

"არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც ამჯერად გვაქვს. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი აიცრა სინოფარმით სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გუშინ გავეცანი კვლევასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, სადაც დაწვრილებით არის ამ ვაქცინის შესახებ, ამიტომ მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ იმხელა ფუფუნება არც მე და არც არავის არ აქვს, რომ გაცილებით უფრო სხვა არჩევანს ველოდოთ იმიტომ, რომ არ მაქვს იმედი, რომ ხვალ უფრო ფართო შესაძლებლობები იქნება, ამიტომ მე მირჩევნია დავიცვა სხვა ადამიანების სიცოცხლე", — ამბობს ხატია დეკანოიძე.

NCDC-ის ინფორმაციით, 4 მაისს სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით. ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება. მათივე ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.

სინოფარმს WHO-ს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სინოფარმით აცრა 4 მაისს დაიწყება და "ავტორიზაცია მალე დაეწევა".

"200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული სინოფარმის მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნებისთვის და ძალიან ფართო მოცვა არსებობს უკვე ამ ვაქცინის. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. ამდენად ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, რომ ჯანმოს ავტორიზაციაც მალევე დაეწევა, თუ არ დაასწრებს", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩინურ ვაქცინა სინოფარმზე რეგისტრაცია 18 წლის ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის საფუძველი არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა.

WHO-ს ნებართვის მიღების შემთხვევაში, ჩინური Sinopharm იქნება პირველი ვაქცინა არადასავლური ქვეყნიდან, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო ნებართვა. ამ ეტაპზე კი, WHO-ს საგანგებო გამოყენების ნებართვა გაცემული აქვს ისეთი ვაქცინებისთვის, როგორიცაა Pfizer-BioNTech, AstraZeneca and Johnson & Johnson.