ბრიტანეთის სამეფო ოჯახში გაჩენილი ბზარი, როგორც ამას მასთან დაახლოებული პირები აფასებენ, "თავისით ვეღარ გამთელდება". ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ოპრასთან ინტერვიუში და ასევე მაშინ, როცა ჰარი ბაბუის, პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე აშშ-დან გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა. US Weekly-ის წყაროების ცნობით, პრინცი ჩარლზი კი არ ცდილობს "ჰარის განდევნას", იგი "ისედაც გაძევებულია უკვე".

მათთვის, ვინც ბრიტანეთის სამეფო ტახტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ადევნებს თვალს, ეს გასაკვირი არცაა. პრინცი ჩარლზი ყოველთვის ცდილობდა სამეფო ოჯახის "დავიწროებას", ახლა კი, მამისა და შვილის ურთიერთობის ცვლილებით უფრო ადვილი გახდა მისი ერთგვარად განკვეთა და სამეფო ტიტულის აყრა. მით უმეტეს, როცა არცერთ მხარეს არ სურს დათმობაზე წასვლა.

"ჩარლზი ჯერ კიდევ გაბრაზებულია, რომ ჰარიმ მას და სამეფო ოჯახს თავისი ინტერვიუთი ჩრდილი მიაყენა და, ცხადია, ამ ამბავს ასე უბრალოდ არ დატოვებს", — იუწყება წყარო, — "თუმცა, სიმართლე ითქვას, არც ჰარი დადევნებია ჩარლზს პატიების თხოვნით. თავად მანაც კი ვერ აპატია მამამისს, რომ, როცა მან და მეგანმა გადასვლა გადაწყვიტეს, ჩარლზს დიდად არ შეუწუხებია თავი და არც მხარი დაუჭერია მათთვის".

გამოცემების ცნობით, სასექსის ჰერცოგისთვის მეგანი, უბრალოდ, მიზეზი იყო, რომ სამეფო ოჯახი დაეტოვებინა, თუმცა, მას მანამდეც ჰქონდა პროტესტი საკუთარ ცხოვრებასთან. "როცა იმ ოჯახში იზრდები, რომელსაც შენი ცხოვრება წინასწარ აქვს გადაწყვეტილი, ეს ინსტიტუტი ძნელად თუ დაუშვებს, რომ რაღაც განსხვავებულის გაკეთება გინდა. ახლა სწორედ ამ ჩიხში მოექცნენ ჩარლზი და ჰარი".

ექსპერტების შეფასებით, იმ პერიოდში, როცა დედოფალი ელიზაბეთი ქმრის დაკარგვას გლოვობს, თუ ჩარლზი მეტ სამეფო საქმეებს გადაიბარებს, სიტუაცია უფრო გართულდება. ამდენად, ნაკლებსავარაუდოა, ჰარისა და სამეფო ოჯახის ურთიერთობა ახლო მომავალში გამოსწორდეს. მიუხედავად ამისა, ჰარიმ ოპრასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მამასთან ურთიერთობის აღდგენა მისთვის მნიშვნელოვანია.