ბნელ მატერიაზე მონადირე რამდენიმე მეცნიერს, უჩვეულო იდეა აქვთ იმის შესახებ, თუ სად უნდა ეძებონ იგი — მათი აზრით, ეს იდუმალი ნივთიერება გაზის გიგანტებში უნდა იმალებოდეს, რომლებმაც მისი უხილავი ნაწილაკები კოსმოსური ქვიშასავით შთანთქეს.

Wired-ის მიხედვით, მკვლევრები ფიქრობენ, რომ პლანეტის გრავიტაციულ ძალას შეუძლია მიიზიდოს და ჩაიჭიროს ბნელი მატერიის ნაწილაკები, სადაც ისინი საბოლოოდ დაეჯახებიან და გაანადგურებენ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, გასულ თვეს ჟურნალ Physical Review Letters-ში გამოქვეყნებული თეორიული კვლევის თანახმად, გალაქტიკის ცენტრთან ახლოს მდებარე ეგზოპლანეტები, სადაც, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი რაოდენობით ბნელი მატერია უნდა იყოს თავმოყრილი, შესაძლოა, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურით ხასიათდებოდნენ.

ამჟამინდელი მოწყობილობებით მეცნიერები ამ იდეის ჭეშმატირების თუ სიმცდარის შემოწმებას ვერ შეძლებენ, თუმცა ჩვენ გალაქტიკაში ცენტრთან ახლოს მდებარე პლანეტების ტემპერატურის შესწავლა კარგი გზა იქნებოდა შემდეგი თაობის კოსმოსური ტელესკოპების გამოსაყენებლად.

კვლევის თანაავტორმა და ასტრონაწილაკების ფიზიკოსმა MIT-დან და SLAC-ის ეროვნული ამაჩქარებლის ლაბორატორიიდან, რებეკა ლინმა Wired-ს განუცხადა, რომ გაზის გიგანტისთვის მხოლოდ ირმის ნახტომის ბნელი მატერიის ჰალოში გავლაც კი საკმარისი იქნებოდა ამ ნივთიერების ნაწილაკების ჩასაჭერად. მაშინ კი, როდესაც ეს ნაწილაკები პლანეტის ატმოსფეროში აღმოჩნდებიან გამომწყვდეულნი, ისინი ერთმანეთს "ბილიარდის ბურთებივით" დაეჯახებიან, შენელდებიან და, შემდეგ, პროტონებთან შეჯახების შედეგად გამოსცემენ სითბოს.

იმისთვის, რომ მკვლევრებმა რეალურად მოახერხონ თავიანთი ჰიპოთეზის შემოწმება, არც ისე ცოტა იქნება საჭირო. ამჟამინდელი ორბიტალური ობსერვატორიები, როგორიცაა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი, ამ საქმისთვის საკმარისად მძლავრები არ არიან. თუმცა, ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესსკოპს, როდესაც მას საბოლოოდ გაუშვებენ, საჭირო აღჭურვილობა ექნება იმის გასარკვევად, აქვთ თუ არა გალაქტიკის ცენტრთან ახლოს მდებარე პლანეტებს უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა.

"ეს ძალიან გასაკვირი და საინტერესო მიდგომაა ბნელი მატერიის აღმოსაჩენად",— განუცხადა Wired-ს ქუინსის უნივერსიტესის ფიზიკოსმა ჯოზეფ ბრეიმენტმა, რომელიც ამ კვლევაზე არ მუშაობდა, თუმცა აქამდე პლანეტებზე ბნელ მატერიას ისიც ეძებდა. "უჩვეულოდ ცხელი სამყაროების აღმოჩენა მათზე ბნელი მატერიის არსებობის ძალიან სარწმუნო ნიშანი იქნებოდა".