ქართველი თვითნასწავლი რეჟისორის, ნინა ბენაშვილის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა ნიქოზის შვილებმა ჰიუსტონის 54-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა. ფილმმა პრიზი — Bronze Remi Award მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თავად რეჟისორმა მიაწოდა.

ნიქოზის შვილები ომგამოვლილ სოფელში მაცხოვრებლებზე გვიყვება, რომელთა ნაწილმაც რეგიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა. დარჩენილებს ყოველდღიურად ახსენებს კონფლიქტს ომის კვალი: ნანგრევები და მავთულხლართები. თუმცა, ნიქოზი სიცოცხლეს განაგრძობს – აქ არა მხოლოდ არაჩვეულებრივი ხელოვნების სკოლა მოქმედებს, არამედ შემოდგომობით ნიქოზი რამდენიმე დღით მსოფლიო მასშტაბის ანიმაციურ ფესტივალსაც კი მასპინძლობს.

"სწორედ ამ ხელოვნების სკოლამ და 2011 წლიდან მასთან ასოცირებულმა საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალმა გადაარჩინა კონფლიქტის ზონის ეს ნაწილი - ნიქოზი და მიმდებარე სოფლები – ადგილობრვი მოსახლეობისგან დაცლას", — ამბობს ნინა ბენაშვილი.

წლევანდელ კინოფესტივალზე 79 ქვეყნის 4 500-ზე მეტი ფილმი იყო წარდგენილი. ნიქოზის შვილები თავდაპირველად ფინალისტებში მოხვდა, შემდეგ კი საუკეთესოთა შორისაც დასახელდა.

ჰიუსტონის საერთაშორისო კინოსფესტივალი მსოფლიოს უძველესი ინდი ფილმების ფესტივალია, რომელზეც ბევრმა ცნობილმა კინორეჟისორმა, მათ შორის სტივენ სპილბერგმა, ჯორჯ ლუკასმა, რიდლი სკოტმა, დევიდ ლინჩმა და ძმებმა კოენებმა თავიანთი კარიერის პირველი ჯილდო მიიღეს.