თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. როგორც On.ge-ს ერთ-ერთი მგზავრი ეუბნება, შემთხვევა ხარაგაულის გვირაბთან მოხდა, რის შედეგადაც მგზავრები გვირაბში აღმოჩდნენ. ამ წუთისთვის ყველა მგზავრი გამოყვანილია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ბოლო ვაგონი გადავიდა, აგრძელებდა მოძრაობას და ბოლოს წინაც დაჭეჭყილია", — უთხრა On.ge-ს ერთ-ერთმა მგზავრმა.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მეოთხე ვაგონი "გაურკვეველი მიზეზების გამო" ლიანდაგს ორი გორგოწყვილით აცდა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, მგზავრებისთვის დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაიგზავნა.

"ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", — აცხადებენ რკინიგზაში.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.