საქართველოს საპატრიარქო ილია მეორეს სააღდგომო ეპოსტოლეს ავრცელებს, რომელშიც, მიმდინარე პროცესებზე და აქტუალურ საკითხებზე ბევრად ნაკლები გამოხმაურებაა, ვიდრე ეს გასულ წლებში გვახსოვს. სამაგიეროდ, ილია მეორემ დიდი დრო დაუთმო ტექნოლოგიურ პროგრესზე საუბარს და ერთგვარად იმის ხაზგასმას, თითქოს ის მომავალში საფრთხე გახდება, ახსენა "რობოტებიც".

ეპისტოლე აღდგომის მილოცვითა და სიხარულის გაზიარებით იწყება, შემდეგ კი მოდის მსჯელობა იმაზე, თუ "როგორი იქნება ჩვენი ხვედრი გარდაცვალების შემდეგ, ან საყოველთაო აღდგომისას, როდესაც მაცხოვარი კეთილსა და ბოროტს მარადიულად განაცალკევებს და გამიჯნავს?". ტექსტში საუბარია იმაზეც, რომ "განახლებული ცხოვრება დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ".

ეპიტოლეს მიხედვით, ადამიანში დარჩა "ხატება ღვთის და სამოთხისეული ისეთი სათნოებები", როგორიცაა: სიყვარული, რწმენა, ერთგულება, სამართლიანობა, მეგობრობა, სიკეთე, წესრიგი, იერარქია.

ამის შემდეგ კი მითითებულია, რომ ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას, მით უფრო განმტკიცდება ქვეყანა.

პატრიარქის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "წარმავალ სოფელში ვცხოვრობთ, თუ დავიცავთ ზეციური მეუფის, მაცხოვრის, კანონებს, შევძლებთ ამქვეყნადვე გავხდეთ ცათა სასუფევლის მოქალაქენი, რათა, გარდაცვალების შემდეგ, დავიმკვიდროთ იგი და მარადიულად ღვთის დიდებაში დავრჩეთ, განურჩევლად იმისა, რომელ ქვეყანაში ვმკვიდრობთ და რა ეროვნებისანი ვართ".

ილია მეორეს თქმით, ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, მორწმუნეების მსგავსად, "ურწმუნონიც აცნობიერებენ", მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, "სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი "შეავსებს".

"ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს.

ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტ-ჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა... გაყალბებული, პიროვნების იდეალი — უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: "მამაკაცი" და "ქალი", "ოჯახური ფასეულობები", — წერია ეპისტოლეში.

ილია მეორეს აზრით, ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს. ის მედიასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეკლესიის ორგანიზებული დისკრედიტაცია ხდება.

"ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედია-საშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი", — წერია ეპისტოლეში.

კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, რომ ამ სივრცეში კარგად არავინა და ყველას დიდი განსაცდელი აქვს. მათ შორის, ის ასახელებს ტექნიკურ პროგრესს, რომელსაც, მისი თქმით, "საზოგადოების სულიერი განვითარება ჩამორჩა".

"ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს", — წერია ეპისტოლეში.

ამასთან, ილია მეორე მიუთითებს, რომ ცხოვრება ადვილი არც მორწმუნეებისთვისაა, რადგან "მათი გული ბოროტსა და კეთილს შორის სულიერი ბრძოლის ისეთ ასპარეზად იქცა, რომლის მსგავსი უწინ არასოდეს ყოფილა".

მისი აზრით, გამოსავალი ერთია — "მთელი არსებით უნდა მივიქცეთ ღვთისკენ".

  • ეპისტოლე სრულად იხილეთ აქ.

მართლმადიდებლები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ. სპეციალურად ამ ღამეს, სხვა რელიგიური კონფესიებისგან განსხვავებით, მათ მორიგ ჯერზე მიანიჭა პრივილეგია და კომენდანტის საათი შეამსუბუქა. განსხვავებით გასული წლისგან, როცა პანდემია ახალი იყო, წელს ეკლესიებში უფრო მეტი ადამიანია მისული და სამების საკათედრო ტაძრის კადრებიდანაც ჩანს, რომ დისტანცია დაცული არ არის.