მოსამართლისა და პროკურატურის შეცდომის გამო, ამერიკელმა ხუან რივერამ ციხეში 20 წელი გაატარა და 2015 წელს, კომპენსაციის სახით 20 მილიონი დოლარი მიიღო. რა ღირს საქართველოს სახელმწიფოსთვის გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ცხოვრების 11 წელი, ჯერჯერობით უცნობია.

დაპატიმრების დროს, გვიჩიანი 35 წლის იყო, ხოლო ჩემია - 32-ის. მათ 2006 წლის აგვისტოში AES თელასის ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის გამო უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ეს გახმაურებული დანაშაული თბილისში, 2002 წლის 13 აგვისტოს მოხდა. ლომინაძის გვამი ბახტრიონზე, საკუთარ ბინაში ხელებშეკრული და ერთი ტყვიით მოკლული ნახეს.

შსს-ს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა (სოდ), რომელსაც მაშინ ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა, ნიკა ჩემია და მისი ორი მეგობარი: გიორგი პაპაჩაშვილი და ავთანდილ ხელკელაძე 2005 წლის დეკემბერში დააკავა, ხოლო გია გვიჩიანი - 2006 წლის 7 მარტს.

ამ ადამიანების წინააღმდეგ ჩვენება კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ნოდარ გვიჩიანმა მისცა, რომელიც სოდ-მა 2005 წლის 10 ნოემბერს, ნარკოვაჭრობის ფაქტზე აიყვანა და მას უვადო პატიმრობა ელოდა.

ნოდარ გვიჩიანის ჩვენების მიხედვით, „გია გვიჩიანმა, რომელიც 2002 წელს, ნიკა ლომინაძის მოადგილედ მუშაობდა, AES თელასში ფინანსური მაქინაციების დაფარვის გამო, მას ლომინაძის მკვლელობა 20 ათასს დოლარად დაუკვეთა, მკვლელობა კი ჩემიამ, ხელკელაძემ და პაპაჩაშვილმა აღასრულეს“. ასეთი იყო ბრალდების მაშინდელი ვერსია.

გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია

ფოტო: VOA

პაპაჩაშვილი პროკურატურას მაშინვე გაურიგდა და „დანაშაულის აღიარების“ სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა; ხერკელაძემ 8 წელი მიიღო და ციხეში გარდაიცვალა, ხოლო გვიჩიანსა და ჩემიას დანაშაული არ უღიარებიათ. მათ უვადო პატიმრობა შეეფარდათ, რომელიც 2014 წელს 15-წლიანი სასჯელით შეუცვალეს.

2017 წლის 20 თებერვალს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა, პროკურატურის ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, 46 წლის გვიჩიანი და 43 წლის ჩემია უდანაშაულოდ ცნო და სასამართლოს დარბაზშივე გაათავისუფლა.

სასამართლომაც და პროკურატურამაც აღიარეს, რომ სისხლის სამართლის საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო. საქმის პროკურორი გვანცა გვიმრაძე, რომელიც ლომინაძის მკვლელობის დროს 12 წლის იყო, ამბობს:

ახალი გამოძიების ფარგლებში რა მტკიცებულებებიც იქნა მოპოვებული პირდაპირ მიუთითებს მსჯავდებულ პირთა უდანაშაულობის ფაქტზე. ამჟამად, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება: ერთი -ნიკა ლომინაძის რეალური მკვლელის დადგენის მიზნით და მეორე - სამოხელეო დანაშაულის დადგენის მიმართულებით“.

გვანცა გვიმრაძე

„ახალი გამოძიების ფარგლებში რა მტკიცებულებებიც იქნა მოპოვებული, პირდაპირ უთითებს მსჯავრდადებულ პირთა უდანაშაულობის ფაქტს, ამჟამად, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება: ერთია -ნიკა ლომინაძის რეალური მკვლელის დადგენის მიზნით და მეორე - სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით.“

ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება პროკურატურის ახალი საგამოძიებო სტრატეგია. ბრალი მხოლოდ მაშინდელ მაღალი თანამდებობის პირებს: პრეზიდენტ სააკაშვილს, შსს მინისტრ მერაბიშვილს, გენპროკურორ ადეიშვილს და სოდ-ის უფროსს კოდუას დაუმძიმდებათ, თუ აქცენტი საქმის პროკურორებზე, მოსამართლეებსა და ცრუ მოწმეებზეც გაკეთდება?

ლომინაძის მკვლელობის საქმეს თავიდანვე პროკურორი ანზორ ხვადაგიანი წარმართავდა, რომელიც ახლა პენსიაზეა. გარდაცვლილნი არიან სოდ-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი პაატა კუპრაშვილი და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, გენერალ მაიორი დავით კეკუა.

კეკუა ამ საქმეზე მტკიცებულების გაყალბების გამო (მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი ტყვიის გულა გამოცვალა ზ.წ) 2007 წლის მაისში დააკავეს, ხუთ თვეში მან ოფიციალური ვერსიით, საკანში თავი მოიკლა. ცრუ მოწმე ნოდარ გვიჩიანი ამჟამად სასჯელს უკრაინის ტერიტორიაზე იხდის.

პირველი განაჩენი - უვადო პატიმრობა 2006 წლის აგვისტოში, ლომინაძის მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძემ გამოიტანა. იგი დღემდე მოსამართლეა ისევე, როგორც ნაირა გიგიტაშვილი, რომელმაც ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილა.

2014 წელს, ამ საქმეზე, მტკიცებულებების გაყალბება (მათ შორის, FBI-ის გამოკვლეული დნმ-ის ანალიზი) ასევე „ვერ შეამჩნიეს“ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძემ, რომელმაც უვადო პატიმრობა 15-წლიანი სასჯელით შეცვალა და უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ: გიორგი შავლიაშვილის, მაია ოშხარელისა და პაატა სილაგაძის შემადგენლობით. მათ ახალი სასჯელი ძალაში, ხოლო გვიჩიანი და ჩემია ციხეში დატოვეს. უცნობია, დაიწყება თუ არა ამ მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინარული დევნა?

პროკურორი ანზორ ხვადაგიანი და მისი თანაშემწე, 23 წლის ირაკლი შოთაძე, ლომინაძის მკვლელობის საქმის პროცესზე, 2006 წელი.

ფოტო: VOA

გია გვიჩიანის დაცვის მხარის ინფორმაციით, 2006 წელს, ამ საქმეზე, პროკურორ ანზორ ხვადაგიანის თანაშემწე, ამჟამინდელი მთავარი პროკურორი, 23 წლის ირაკლი შოთაძე იყო. გვიჩიანი 2013-16 წლებში, სწორედ შოთაძეს ადანაშაულებდა საქმის ხელახალი გამოძიების გაჭიანურებაში, თუმცა განთავისუფლების შემდეგ, ამ თემაზე აღარ საუბრობს.

გია გვიჩიანი ამბობს, რომ 2006 წლის მარტში, მაშინდელმა ხელისუფლებამ არარსებული ბრალდება, 2006 წლის 28 იანვარს მომხდარი სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის გადასაფარად და შსს მინისტრ მერაბიშვილის გადასარჩენად „შეკერა“:

მაშინდელი სახელისუფლებო დაჯგუფება: მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი პირადად იყვნენ დაინტერესებულნი. იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილი არ გადამდგარიყო თანამდებობიდან, მათ გადაწყვიტეს ჩემი დაპატიმრება. ლომინაძის მკვლელობის საქმის ფალსიფიკაციით და სწრაფი გახსნით შეეცადნენ გირგვლიანის მკვლელობის საქმის გადაფარვა.

გია გვიჩიანი

„მაშინდელი სახელისუფლებო დაჯგუფება: მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი იყვნენ პირადად დაინტერესებულნი. იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილი არ გადამდგარიყო თანამდებობიდან, მათ გადაწყვიტეს ჩემი დაპატიმრება. ლომინაძის საქმის ფალსიფიკაციით და სწრაფი გახსნით შეეცადნენ გირგვლიანის მკვლელობის საქმის გადაფარვას“

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს ათავისუფლებენ. 2006 წლის სექტემბრის ბოლოს, ამ საქმეზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამსახურის თანამშრომელი, დავით მჭედლიძე აიყვანეს, თუმცა იგი ნახევარი წლის მერე სახლში გაუშვეს.

AES თელასის ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელი და მკვლელობის შემკვეთები 14 წლის შემდეგაც დაუსჯელნი არიან. ამ რეზონანსული მკვლელობიდან 10 თვის შემდეგ, 2003 წლის ზაფხულში, ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, AES Corporation-მა, თელასის აქციათა 75 პროცენტი და ყველა სხვა ქართული აქტივი, რუსულ ინტერ რაოს მიჰყიდა და ხუთწლიანი რთული მუშაობის შემდეგ, ქართული ენერგეტიკული ბაზარი სამუდამოდ დატოვა.