იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის ცერემონიალი შესრულდა.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, ყოველ დიდ შაბათს, ადგილობრივი დროით 13:00-დან 15:00 საათამდე ხდება.

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ, 2 მაისს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

კორონავირუსის გამო სააღდგომოდ საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე ახალი რეგულაცია დააწესა. როგორც შარშან, აიკრძალა სასაფლაოზე გასვლა. მეტიც, 2-4 მაისის ჩათვლით სასაფალოზე არსებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

რაც შეეხება ლიტურგიას, მთავრობამ საპატრიარქოს მორიგი პრივილეგია მიანიჭა, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი დღით 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

გასული წლის 19 აპრილს სააღდგომო ლიტურგია დიდ ტაძრებში კომენდანტის საათის დროს ჩატარდა, პატარა ტაძრებში კი მეორე დღეს, დილით. მრევლი ეკლესიებში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდა და სახლში წასვლა მხოლოდ დილით 6 საათზე მოახერხა.

მაშინ როცა ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ სახლში დარჩენილიყვნენ და ეკლესიაში აღდგომას არ წასულიყვნენ, სასულიერო პირების ნაწილი, მათ შორის სინოდის წევრები, ექიმების რჩევებს არ ითვალისწინებდნენ.