ნიდერლანდების დელფტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შეძლეს და პირველი კვანტური ქსელი შექმნეს, ამაში კი კვანტური გადახლართულობა გამოიყენეს. შედეგად, მათ სამი მოწყობილობა წარმატებით დააკავშირეს ერთმანეთთან. ეს ნაშრომი შეიძლება კვანტური ინტერნეტის შექმნის სათავედ მივიჩნიოთ. ის, პრაქტიკულად, ქმნის საფუძველს, რომელზეც კვანტური ინტერნეტის ტექნოლოგია უნდა დაშენდეს. შესაბამისი კვლევა რამდენიმე დღის წინ, ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

წაიკითხე ვრცლად: მეცნიერებმა კვანტური ქსელი შექმნეს — ეს ისტორიაში პირველად მოხდა

მკვლევრებმა აღმოაჩინეს ფსიქოდელიური ნივთიერება, რომელიც ჰალუცინაციებს არ იწვევს. ეს მეცნიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკმენტების მიღებაში დაეხმარება.

მკვლევარები ფსიქოდელიური ნივთიერებების გამოყენებას დეპრესიის და PTSD-ის სამკურნალოდ ცდილობენ. თუმცა, ფსიქოდელიური ნივთიერებებით მკურნალობა, ჰალუცინოგენური თვისებების გამო აქტიურ ზედამხედველობას საჭიროებს. ამასთან, მეცნიერები შიშობენ, რომ მსგავსი ნივთიერებები პაციენტებში დამოკიდებულებას გამოიწვევს.

წაიკითხეთ ვრცლად: აღმოაჩინეს ფსიქოდელიური ნივთიერება, რომელიც ჰალუცინაციებს არ იწვევს

ფოტო: Apple

ამ კვირაში Apple-მა iOS 14.5 გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია — App Tracking Transparency ფართო განხილვის საგანი გახდა. განახლების შედეგად, ამიერიდან Apple მოგვცემს საშუალებას ავირჩიოთ, გვინდა გვითვალთვალოს ამა თუ იმ აპლიკაციამ (ანუ ჩვენგან მონაცემები შეაგროვოს), თუ არა. ასეთი მონაცემები შეიძლება იყოს: ასაკი, ადგილმდებარეობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ხარჯვასთან დაკავშირებული ჩვევები თუ ბრაუზერის ისტორია.

ხშირად აპლიკაციები ჩვენგან იმაზე მეტ ინფორმაციას იღებენ, ვიდრე ჩვენ გვჭირდება მათ გამოსაყენებლად. ამ მონაცემებს კი ისინი, ძირითადად, სარეკლამო მიზნებისთვის იყენებენ. ახლა კი Apple-ის მომხმარებლებს უკვე აქვთ არჩევანი, თუ რომელ აპლიკაციას რა ინფორმაციაზე მისცემენ წვდომას.

წაიკითხეთ ვრცლად: თქვენი პერსონალური ინფორმაცია ყოველდღიურად იყიდება — Apple, ახალი ფუნქციით, ამის შეჩერებას აპირებს

ცოტა ხნის წინ, Cellebrite-მ, კომპანიამ, რომელიც სმარტფონების გატეხვაზეა ორიენტირებული, განაცხადა, რომ იპოვა გზა Signal-ის დასაჰაკად და ინფორმაციის ამოსაღებად. კომპანიის განცხადებით, ისინი ეხმარებიან სხვადასხვა ქვეყნების ძალოვან სტრუქტურებს, რათა სმარტფონებიდან ინფორმაცია კანონიერად მოიპოვონ. თუმცა, აღსანიშნია, რომ Cellebrite მუშაობს ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებთან როგორიც რუსეთი, ბელარუსი, ვენესუელა და ჩინეთია.

Signal-ის შემქმნელმა, მოქსი მარლინსპაიკმა, ორი დღის წინ გამოქვეყნებულ ბლოგში განაცხადა, რომ მათმა გუნდა მოიპოვა Cellebrite-ს აპარატურა, იპოვა ის მოწყვლადობები, რომლებიც შესაძლოა Signal-ის გატეხვის საფუძველი გამხდარიყო და ყველაფერი გამოასწორა.

წაიკითხეთ ვრცლად: Signal-მა დაჰაკა სმარტფონების გასატეხი სისტემა, რომელსაც პოლიცია იყენებს

არქეოლოგების თქმით, Wonderwerk-ის გამოქვაბულში ჰომინიდების უძველესი საცხოვრებელი აღმოაჩინეს. გამოქვაბული კალაჰარის უდაბნოში, სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს. Wonderwerk-ის გამოქვაბული 140 მეტრის სიღრმისაა და ის პირველად 1940 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ გამოქვაბულში კვლევები მიმდინარეობს, ახალი კვლევა კი, მეტყველებს იმაზე, რომ აქ უძველესი დროიდან ცოცხალი არსებები ბინადრობდნენ.

მეტიც, გამოქვაბულში ცეცხლის გამოყენების ადრეული მტკიცებულებები და უძველესი იარაღის კვალიც შეინიშნება. საუბარია 2 მილიონი წლის წინდელ მკვიდრებზე. კვლევის შედეგები ჟურნალ Quaternary Science Reviews-ში გამოქვეყნდა.

წაიკითხეთ ვრცლად: არქეოლოგებმა, შესაძლოა, მსოფლიოში უძველესი საცხოვრებელი აღმოაჩინეს

უკვე ვიცით, რომ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებზე მუშაობს, ახლა კი, თუ ადამიანებზე მიმდინარე კვლევა წარმატებით ჩაივლის, შეიძლება წლის ბოლოსთვის ეს მედიკამენტი უკვე ხელმისაწვდომი იყოს. თუმცა, მედიკამენტს აქამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და ბევრი რამ დასამტკიცებელი. ამ ეტაპზე, აბებს აშშ-სა და ბელგიაში, 60 ადამიანზე ცდიან. ამ კონკრეტული კვლევის შედეგები კი 25 მაისს გვეცოდინება.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ვაქცინის გარდა სხვა საშუალება, რომელიც COVID-19-ს წინ აღუდგება, თუმცა, როგორც ამბობენ, თუ ის აბების სახით გაჩნდება, რომელთა მიღებასაც სახლის პირობებშიც შევძლებთ, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართება.

წაიკითხეთ ვრცლად: ერთი აბი კორონავირუსის განსაკურნად — Pfizer-ის მედიკამენტი, შესაძლოა, წლის ბოლომდე გვქონდეს

ფოტო: https://i1.wp.com/

29 აპრილს, ხუთშაბათს დილით ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ დედამიწის ორბიტაზე წარმატებით განათავსა თავისი მომავალი კოსმოსური სააგენტოს — Taingong-3-ის პირველი და ყველაზე დიდი მოდული.

მოდული, სახელწოდებით Tianhe ახლა უკვე ორბიტაზე მოძრაობს, სადაც შემდეგი 10 რაკეტის გაშვებას ელოდება. ამ უკანასკნელთა საშუალებით, ჩინეთი, სადგურის ასაშენებლად საჭირო დანარჩენ ნაწილებს გადაიტანს კოსმოსში. ამჟამად კი ჩინეთის სახელმწიფო მედია მოდულის გაშვების ვიდეო მტკიცებულებას აქვეყნებს.

წაიკითხეთ ვრცლად: ჩინეთი კოსმოსური სადგურის ორბიტაზე გასვლის ვიდეოს ავრცელებს

ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა, რომელსაც ასტროფიზიკოსი ბრეტ ადისონი ხელმძღვანელობს, აღმოაჩინა ახალი პლანეტა სახელწოდებით TOI-1431b. ახლად აღმოჩენილი პლანეტა სტუმართმოყვარეობით ნამდვილად არ გამოირჩევა. პლანეტაზე არა მარტო ადამიანისთვის, არამედ ყველაფრისთვის ძალიან მაღალი ტემპერტურაა.

TOI-1431b საკმაოდ დიდია, ის იუპიტერზე სამჯერ უფრო მასიურია და ჩვენგან 490 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. პლანეტა თავის ვარსკვლავთან იმდენად ახლოს არის, რომ მის გარშემო ერთ მთლიან ბრუნს სულ რაღაც ორ-სამ დღეს ანდომებს.

წაიკითხეთ ვრცლად: აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ვარსკვლავებზე უფრო ცხელია

ჩინეთში შექმნეს რობოტის პროტოტიპი, რომელიც კოსმოსურ ნაგავს შეაგროვებს. რობოტი დედამიწის დაბალ ორბიტაზე უკვე გაუშვეს.

ბადისმაგვარი კოსმოსური რობოტი სახელად NEO-01 სტარტაპ Origin Spac-მა შექმნა და მისი წონა სულ რაღაც 30 კილოგრამია. სტარტაპის მიზანი ასტეროიდების ნარჩენების მოპოვებაა.

წაიკითხეთ ვრცლად: ჩინეთში შექმნეს რობოტი, რომელიც კოსმოსურ "ნაგავს" აგროვებს

Anima Chatbotics საქართველოში ადამიანის გაციფრულებისთვის ინტერაქტიული პროგრამის შემუშავებას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებული პოსტიდან ვიგებთ. ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში "ანიმას" გუნდი Webiz Georgia-სთან თანამშრომლობს, პროექტის სახელწოდება კი INTERNITY იქნება. შედეგად კი, მომხმარებლებს საკუთარი ციფრული ვერსიების შექმნა თუ წინაპრებთან საუბარი შეეძლებათ.

წაიკითხეთ ვრცლად: Anima Chatbotics საქართველოში ადამიანის გაციფრულებისთვის პროგრამის შემუშავებას იწყებს