ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ის ისურვებდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს უფლება გამოიყენოს.

"რამდენიმე საათიც კი არ დასჭირდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომ ძალიან მკაფიო და ზუსტი განცხადება გაეკეთებინა მიღებულ რეპრესიულ კანონთან დაკავშირებით. კანონპროექტია ფორმალურად ჯერ, მაგრამ მისი მიზანი არის პროტესტის აღკვეთა, მისი მიზანი არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ხელისუფლებამ გუშინ ამ კანონპროექტის დაჩქარებულად, ფორსირებულად, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენის კომენდანტის საათის დროს ჩატარების პირობებში, ძალიან სერიოზული თვითდაზიანება მიიყენა და ამის მტკიცებულება არის პირველი, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი, შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი შეფასება. ახლა შესაძლებელია, ცხადია, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს მისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება და მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტმა ეს მექანიზმი გამოიყენოს", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებულად განიხილავდა. ცვლილებები 2021 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.

წვრილმან ხულიგნობაზე პირველი ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში, სანქცია რჩება იგივე, ანუ 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა. განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 1 500-დან 2 000 ლარამდე ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობა.

რაც შეეხება სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000-დან 3 000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში 3 500 ლარიდან 4 500-ლარამდე ჯარიმა ან 7-დან 15 დღემდე პატიმრობა.

ამასთან ცვლილება ეხება პატიმრობასაც. 247-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

  1. ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა წარედგინება სასამართლოს.
  2. მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.
  3. თუ დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
  4. დაკავებული პირი სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს დროებით მოთავსების იზოლატორში.

კანონპროექტს აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც: