საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს — საუბარია ციფრულ ლარზე, რომელიც, სებ-ის თქმით, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნება. CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში, წამყვანი ცენტრალური ბანკები CBDC-ს დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ, იქმნება პილოტი პროექტები, მიმდინარეობს ოპტიმალური დანერგვისა და არქიტექტურის ძიება.

როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ CBDC-ს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს, რასაც ასევე დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. CBDC-ის გამოშვებით შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას. ასევე, შესაძლებელია გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა და ხელი შეეწყოს ლარიზაციის პროცესს.

"ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტა შესაძლოა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს ფინანსური ეკოსისტემისთვის და საკმაოდ დიდი გავლენა იქონიოს კერძო ინოვაციების და ახალი ფინანსური ტექნოლოგიების შექმნაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, ინტერფეისის დიზაინის, მომხმარებელთა მართვის, KYC და AML/CFT ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეგულაციებთან თავსებადობის და მონაცემთა მართვაში", — ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა.