რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანადელი რეჟისორი, დევიდ კრონენბერგი ახალ სრულმეტრაჟიან კინოსურათზე იწყებს მუშაობას.

მომავალ პროექტში მთავარ როლების ჰოლივუდის ორი სხვადასხვა თაობის ვარსკვლავები — ვიგო მორტენსენი და კრისტენ სტიუარტი შეასრულებენ.

Crimes of the Future (მომავლის დანაშაულებები) — ასე ერქმევა ფილმს, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის თრილერი იქნება. დევიდ კრონენბერგის შემოქმედების მოყვარულებმა კარგად იციან, თუ როგორი უცნაური ამბების ასახვა უყვარს ამ რეჟისორს და გამონაკლისი არც მისი ეს პროექტი იქნება.

როგორც ფილმის მოკლე აღწერაში ვკითხულობთ, მისი სიუჟეტი მომავალში განვითარდება, სადაც ადამიანები თავიანთ სხეულებს ახლებურად განკარგავენ და ბიოლოგიის წესებს ცვლიან: მაგალითად, სხეულში ახალ ორგანოებს იზრდიან.

მოკლედ, ვისაც კრონენბერგის ერთი ფილმი მაინც უნახავს, შესაბამისი მოლოდინიც ექნება.

ვიგო მორტენსენი კრონენბერგის 2005 წლის ფილმში ძალადობის ისტორია (A History of Violence)

ფოტო: New Line Cinema

ვიგო მორტენსენი, რომელსაც მაყურებლების დიდი ნაწილი ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიაში შესრულებული როლით იცნობს, პირველად არ თანამშრომლობს კრონენბერგთან: აქამდე მან ითამაშა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა A History of Violence (ძალადობის ისტორია) და Eastern Promises (აღმოსავლური დაპირებები).

ასევე ეს არ იქნება კრისტენ სტიუარტთან, რომელსაც ბინდის საგის ფილმებით იცნობს ყველა და მალე პრინცესა დაიანას როლში ვიხილავთ, მისი პირველი საერთო ფილმი: მათ მონაწილეობა მიიღეს ჯეკ კერუაკის საკულტო რომანის 2012 წლის ეკრანიზაციაში On The Road (გზაზე).

ამ ორ ვარსკვლავთან ერთად სამსახიობო გუნდში უკვე დამტკიცებულნი არიან ლეა სეიდუ და სკოტ სპიდმენი. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება მომავლის დანაშაულებების პრემიერა, თუმცა ლოდინი ნამდვილად ღირს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დევიდ კრონენბერგის ვაჟმა, ბრენდონ კრონენბერგმა გადაიღო მეორე სრულმეტრაჟიანი საშინელებათა ჟანრის თრილერი Possessor (მესაკუთრე), რომელიც 2020 წლის ერთ-ერთი გამორჩეული კინოსურათი აღმოჩნდა.