ხანდახან ე.წ. to do list (შესასრულებელი საქმეების სია) უსასრულოდ იზრდება, შენ კი აღარ იცი, რომელი პუნქტით დაიწყო. გრძნობ, რომ დრო არ გყოფნის, საკუთარი თავით იმედგაცრუება იმატებს, მოტივაცია იკლებს, გადანაწილებული დროის ბალანსი ირღვევა და სტრესული მდგომარეობისკენ მიექანები.

ფიქრობ, რომ პრობლემა შენშია და დროის მენეჯმენტს ვერ ახერხებ. სინამდვილეში, ზოგჯერ, ყველაფრის მოსასწრებად დღეში საკმარისი საათები არაა და ამ დროს რესურსების გადაფასება ბევრ რამეს დაალაგებს. სტრესი იმატებს სახლიდან მუშაობის პერიოდშიც, მით უმეტეს, რომ პანდემიის დროს ადამიანებს იმაზე მეტ გამოწვევებთან გვიწევს გამკლავება, ვიდრე ნორმალურ სიტუაციაში.

თუმცა, ხანდახან პროდუქტიულობაზე პატარა წვრილმანებიც მოქმედებენ, რომლებიც გონებას გვიფანტავენ: შვილებზე დახმარება, საჭმლის მომზადება, მოულოდნელი ზარი, მესიჯები და ა.შ.

თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ ასეთ დროს საკუთარ თავს პროდუქტიულობის შენარჩუნებაში შეგიძლია დაგეხმარო. ამისთვის კი რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

1. გაიღვიძე ერთსა და იმავე დროს

ყოველდღიურ რუტინაში ჩადგომა პროდუქტიულობისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით სახლიდან მუშაობის პარალელურად. დილით მოწესრიგების, საუზმისა და ყავის შემდეგ შეგიძლია კომპიუტერს მიუჯდე.

2. გააკეთე რამე შენი თავისთვის

განწყობის შესაქმენლად გააკეთე ისეთი რამ, რაც სიამოვნებას განიჭებს. მაგალითად, მუშაობის დაწყებამდე საყვარელ სიმღერაზე წაუცეკვე. განწყობა პროდუქტიულობისთვის უმნიშვნელოვანესია და თუკი საკუთარ თავს ასიამოვნებ, არ გექნება დანაკლისის განცდა იმაზე, რომ საკუთარ თავს დრო არ დაუთმე.

3. დაიწყე ყოველი დილა გეგმით

სანამ სამუშაო მაგიდას მიუჯდები, ჩამოწერე მნიშნელოვანი საქმეები, რომლებიც უნდა გააკეთო. გადაალაგე პრიორიტეტულობის მიხედვით. თუმცა, ექსპერტები გვირჩევენ, რომ პირველად რთული საქმე გავაკეთოთ, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანებს თავდაჯერებულობა ემატებათ და დანარჩენ სიას მარტივად ასრულებენ.

4. დაიცავი სამუშაო საათების წესი

ფოტო: iStock

თუკი კონცენტრაციისას რამდენიმეწუთიან შესვენებას მოიწყობ და ინსტაგრამს ან ფეისბუქს მიაშურებ, ამით საკუთარ ყურადღებას საბოტაჟს მოუწყობ. გონების სხვა რამეზე გადართვის შემდეგ მისი უკან, საქმეზე დაბრუნება ბევრად მეტ ენერგიას წაგართმევს, ვიდრე საქმის "რამდენიმეწუთიანი შესვენების" გარეშე გაგრძელება. გამორთე ნოტიფიკაციები მობილურზე, რომ ყურადღების გაფანტვა წინასწარვე აირიდო თავიდან.

5. ისიამოვნე შესვენებით

შენი თავისუფალი დრო შენ გეკუთვნის. იმის ნაცვლად, რომ სენდვიჩი ან ყავა კომპიუტერთან შემოილაგო, ჯობს სამუშაო გარემოსგან დისტანცირდე და შესვენებით სიამოვნება მიიღო. მაგალითად, გადი აივანზე, გაისეირნე ეზოში. საკუთარი თავი მზრუნველობას ყოველთვის დაგიფასებს, გონება ენერგიით დაიმუხტება და დარჩენილ საქმეს შესვენების შემდეგაც ეფექტურად შეასრულებ.

6. შეამცირე Zoom-ის შეხვედრები

მეცნიერების მიხედვით, გონება ყველაზე პროდუქტიული 3-დან 6 საათამდეა — საგულისხმოა, რომ ეს საათები შესვენებიდან დაბრუნების საათებს ემთხვევა. თუმცა, შეხვედრები, შეხვედრები და ისევ დაუსრულებელი შეხვედრები მასზე უარყოფითად მოქმედებს. თუ შეხვედრა ხანგრძლივია და იქ აქტიური როლი არ გაქვს, ჯობს შენი პროდუქტიული საათები იქ არ გაფლანგო და ეს დრო საქმის შესასრულებლად გამოიყენო.

7. შეადგინე კალენდარი

საქმეების კალენდარზე გადანაწილება ერთ დიდ არეულობას მალე დაგილაგებს. შეგიძლია, შენი to do list-ები სწორედ კალენდრის დღეებზე გადაანაწილო.

8. გამოყავი კონკრეტული წუთები ელექტრონული ფოსტისთვის

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევამ აჩვენა, რომ სამსახურის მეილების გამუდმებული შემოწმება, მათ შორის შესვენების საათებში, სტრესს ამძაფრებს. ისინი მეილების შესამოწმებლად და საპასუხოდ საათში 20 წუთის გამოყოფას გვირჩევენ.

9. მიუძღვენი დრო მეგობრებსაც

ბალანსი მნიშვნელოვანია.

10. ჩამოწერე შენი მიღწევები

და როცა თავს არაპროდუქტიულ თანამშრომლად იგრძნობ, მათი გადაკითხვა შვებას მოგგვრის.

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.