ჟურნალისტი ვახო სანაია თავდასხმის შემდეგ მის მიმართ მუქარის ფაქტებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე ცალკე გამოძიება მიმდინარეობს.

სანაია ყვება, რომ ერთ-ერთ ეთერში გააჟღერა ინფორმაცია მის მიმართ მუქარის შესახებ, რის შემდეგაც დაუკავშირდნენ და გამოძიებას მიწოდა მუქარის ის ტექსტები, რომელიც მიიღო.

"ერთ-ერთი ტექსტი იყო ამგვარი: გარკვეული შემოთავაზების ტიპის, რომ იქნებ შენ ახლა აპატიო მათ და ყველაზე საკვირველი აქ ის არის, რა წინადადება მოსდევდა შემდეგ ამას — და ისინი დაივიწყებენ ამ ამბავს და არასდროს გაიხსენებენ.

კარგად დავაკვირდეთ — ე.ი. მე თურმე უნდა ჩავეხსნა ახლა ამ ამბავს, ისინი გამოვიდნენ, ვითომ არაფერი მომხდარა და აქეთ მადებენ ვალად, რომ თურმე ისინი დაივიწყებენ ამ ამბავს", — ყვება ჟურნალისტი TV პირველის ეთერში.

სანაია ამბობს, რომ მუქარის ტექსტები მის ოჯახსაც ეხება.

"ასევე იყო იმ შინაარსის, რომ ეს ძალიან გავლენიანი ხალხია — ახლა რაღაც პერიფრაზს გავაკეთებ — და შეიძლება ოჯახშიც შემოგიცვივდნენ, რომ არ გაპატიებენ ამას.

ამ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ მე პირადად და ჩვენ, ჟურნალისტებს რომ ასეთი გზავნილების გვეშინოდეს, ამ პროფესიაში უკვე დიდი ხანია აღარ ვიქნებოდით", — განაცხადა სანაიამ.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და იგი მხოლოდ მისი კი არა, მთელი საზოგადოების პრობლემაა.

29 აპრილს, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მათ თავდებად მომღერალი უცნობი — გია გაჩეჩილაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ვატო შაქარაშვილი უდგებოდნენ. მათვე ინფორმაციით, "პოლიტპატიმრების" თავდებობის დოკუმენტს 2000-ზე მეტმა ადამიანმა ხელი ელექტრონულად მოაწერა.

ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მის მიმართ გამოხატული აგრესიის მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობა იყო.

გაიგეთ მეტი: