მსოფლიოს გარშემო უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს ასტროლოგია, მაგრამ საინტერესოა, რატომ? BBC-ის ამ სტატიაში ის რამდენიმე მიზეზია განხილული, რის გამოც ადამიანებმა ეგზისტენციალურ საკითხებზე პასუხების ძიება ვარსკვლავებს შორის დაიწყეს.

COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ჩარმ ტორესის, კანადის ქალაქ ტორონტოში მცხოვრები ასტროლოგის მომსახურებით დაინტერესებულ პირთა რიცხვი ერთიორად გაიზარდა. ამგვარად მან პირისპირ კონსულტაციებთან ერთად კიდევ ასობით კლიენტთან დაიწყო ვირტუალური სესიების გამართვა. ამ ადამიანთა უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკიდან იყო, ზოგიც მისი მშობლიური ფილიპინებიდან — ტორესის მსგავსად, ისინიც, ძირითადად, ქვიარი მილენიალები იყვნენ.

ჩარმ ტორესის კლიენტებს შორის იყვნენ ისინი, ვისაც ვირუსმა საყვარელი ადამიანი წაართვა; ზოგი გასართობი ინდუსტრიის გაჩერების გამო დაკარგული სამსახურის შემდეგ კარიერის გაგრძელების ახალ გზებს ეძებდა; სხვებს კიდევ უბრალოდ თავზე საყრელი დრო ჰქონდათ. მათ ყველას მხარდაჭერის, ურთიერთობის და თვითშემეცნების სურვილი ამოძრავებდათ. როცა შარშან პანდემიამ ჩვენი ცხოვრების ლამის ყველა ასპექტი შეცვალა, "ადამიანები იძულებულები გახდნენ, რომ დამსხდარიყვნენ და საკუთარი თავისთვის ეკითხათ, როგორი იყო მათი ცხოვრება და საითკენ ჰქონდათ გეზი აღებული", — განმარტავს ტორესი.

ასტროლოგიისადმი ინტერესი მსოფლიოს ყველა კუთხის ახალგაზრდებს შორის პანდემიამდეც საგრძნობლად მომატებული იყო, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ინსტაგრამზე ამ თემატიკის მიმების სიმრავლემ და ისეთმა ასტროლოგიურმა აპლიკაციებმა, როგორებიცაა Co-Star და Sanctuary. თუმცა 2020 წელს ნამდვილი ასტროლოგიური ციებ-ცხელება დაიწყო.

კანადელ ასტროლოგ ჩარმ ტორესს სჯერა, რომ "ასტროლოგია არის გზა, უფრო მეტად დავუკავშირდეთ ცხოვრებას და რაღაც ჩვენზე უფრო აღმატებულს".

ფოტო: Charm Torres

Google-ის სტატისტიკის მიხედვით, საძიებო სიტყვებმა, "პირადი რუკის შედგენა" და "ასტროლოგია", 2020 წელს პიკს მიაღწია. ამას გარდა, უამრავი ასტროლოგი აღნიშნავს, რომ ბიზნესი სწორედ საყოველთაო შეზღუდვების დაწესების პერიოდში დაიწყო. ტიკტოკმა — ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით წლის ყველაზე სწრაფად მზარდმა აპლიკაციამ — ახალ თაობას ზოდიაქოს ენა გააცნო და მეტიც, წარმატებული ასტროლოგიური ანგარიშების ავტორები ინტერნეტვარსკვლავებადაც აქცია. სოციალურ ქსელებში ასტროლოგების ახალი ავანგარდი გამოჩნდა — ამ სფეროსთვის აქამდე უჩვეულო, უფრო ახალგაზრდა და არაერთგვაროვანი სახეები.

ამ ყველაფრის მერე მოულოდნელი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც აქამდე ასტროლოგიით დაინტერესებული არ იყო, ახლა ვარსკვლავებს წინამძღოლად იყენებს. მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის გასულმა წელმა მხოლოდ მცირე მიწიერი კომფორტი დატოვა — ჩახუტებები შემცირდა, სამსახურები დაიკარგა და ყოველ დღეს თან ახლდა ადამიანების ტანჯვის ახალი ისტორიები. ასეთ დროს ხალხმა ნუგეშის ძიება სხვადასხვა, ზოგჯერ უჩვეულო სფეროებშიც დაიწყო. ტორესს სჯერა, რომ "ასტროლოგია არის გზა, უფრო მეტად დავუკავშირდეთ ცხოვრებას და რაღაც ჩვენზე უფრო აღმატებულს" მაშინ, როცა "მართლა ვკარგავთ კავშირს ყველასთან და ყველაფერთან".

მართალია, კავშირის დაკარგვის ამ გრძნობამ, შესაძლოა, ნამდვილად შეუწყო ხელი ხალხში ასტროლოგიური ტალღის აზვირთებას, მაგრამ სხვა ფაქტორებმა — იქნება ეს ტექნოლოგიური ინოვაციები, მილენიალების შეხედულებების ცვლილება თუ Gen Z-ის სოციალურ ასპარეზზე გამოჩენა — ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე მოამზადა ნიადაგი ამისთვის.

არც მეცნიერება და არც რელიგია

IBISWorld-ის 2019 წლის ანგარიშში დაითვალეს, თუ რა თანხა ბრუნავს აშშ-ის "ექსტრასენსების სერვისების" (მათ შორის, ისეთი მომსახურების, როგორიცაა ბედისწერის განსაზღვრა და ტაროთი მკითხაობა) ინდუსტრიაში და დაახლოებით 2,2-მილიარდიანი მაჩვენებელი მიიღეს. თუმცა გასულ წელს ამ სფეროს მიმართ გაზრდილი ინტერესით თუ ვიმსჯელებთ, ეს რიცხვი ამჟამადაც მატულობს.

ასტროლოგიის მიმდევრებისთვის კრიზისულ პერიოდში ამ თემის მიმართ გაცხოველებული ცნობისმოყვარეობა მარტივად იხსნება. "ჩემი აზრით, ხალხი სასოწარკვეთილი ეძებს რაიმე ახსნასა და გამოსავალს იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ სიტუაციაში გაჭედილები არ ვართ. ასტროლოგია პლანეტარულ ციკლებს მიჰყვება და მისი საშუალებით შეგიძლია, წარსულში მომხდარ მოვლენებთან მსგავსება დაინახო. აწმყოს ყოველი მომენტი უნიკალურია, თუმცა წარსულში მას ყოველთვის მოეძებნება პრეცედენტი. აი, ზუსტად ამას მოაქვს ჩემთვის სიმშვიდე", — ამბობს კეროლაინ გოლდშტაინი, 28 წლის ნიუიორკელი მწერალი.

კეროლაინ გოლდშტაინის ჩანაწერები ასტროლოგთან ვიზიტისას.

ფოტო: Caroline Goldstein

გოლდშტაინი ასტროლოგიური პირადი რუკის შედგენამ და პლანეტების განლაგებამ რამდენიმე წლის წინ ჩაითრია, როცა არამონოთეისტური სპირიტუალური პრაქტიკების მიმართ ინტერესი გაუღვივდა. ბევრის მსგავსად, მისთვის ასტროლოგია სამყაროს შეცნობის საინტერესო გზა აღმოჩნდა და, ამასთან ერთად, უფრო ნაკლებად დოგმატური, ვიდრე ორგანიზებული რელიგია. "ასტროლოგია არასდროს გთავაზობთ ერთ ჭეშმარიტებას. უბრალოდ გასწავლით ენას, რომლითაც პირადი ჭეშმარიტების შეცნობა შეგიძლიათ. ეს არის ენა და არა სახელმძღვანელო", — ამბობს ის.

Pew Research Center-ის თანახმად, ამერიკელ მილენიალების 60%-ზე მეტი ე.წ. ნიუ ეიჯის — სპირიტუალური, ოკულტური თუ ეზოთერული პრაქტიკებისა და რწმენების მიმდევარია. თუმცა წინა თაობებთან შედარებით მათ ნაკლებად სჯერათ ღმერთის და რელიგიას ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად არ მიიჩნევენ.

ზოგისთვის რწმენის ეს ალტერნატიული სისტემები სიცარიელის შევსების გზაა. "ასტროლოგია ტრადიციულად ყოველთვის მეცნიერებისა და ყველაზე მეინსტრიმული რელიგიების მიღმა არსებობდა, რის გამოც მას საზოგადოებაში საკმაოდ უცნაური ადგილი ეჭირა: ის არც მეცნიერულია და არც – რელიგიური", — ამბობს კრის ბრენანი, კოლორადოელი ასტროლოგი და ასტროლოგიური პოდკასტის წამყვანი, — "და ზოგჯერ მათთვის, ვინც ამ ორს შორის კავშირს ეძებს ან საჭირო პასუხებს ვერცერთში პოულობს, ასტროლოგია, შესაძლოა, შესაფერისი ხიდი აღმოჩნდეს".

ნუგეშის ძიება ვარსკვლავებს შორის

ასტროლოგიაზე საუბრისას "რწმენის" ხსენება, შესაძლოა, უადგილოც კი იყოს. ამ სფეროთი დაინტერესებულებისთვის ეს ცნობისმოყვარეობის საგანი, თვითანალიზის ინსტრუმენტი და გრძნობებისა და სირთულეების კონტექსტუალიზაციის საშუალება უფროა.

"თუ რაღაც სიმშვიდის მომტანია და ვიღაცას იმის გაგებაში ეხმარება, რა ხდება მის თავს, მაშინ ეს აუცილებლად ცუდი არაა", — ამბობს ელენა ტოურონი, ლონდონელი ფსიქოთერაპევტი. მიუხედავად იმისა, რომ ის არ ემხრობა ნებისმიერი ერთი ინფორმაციის წყაროთი ხელმძღვანელობას, მას ესმის, რატომ მიმართავს ბევრი ადამიანი ტრადიციულ ფსიქოთერაპიებთან ერთად ასტროლოგიას და სხვა ალტერნატიულ ფორმებს დასახმარებლად.

"გაურკვევლობის შეგრძნება ადამიანური გამოცდილების ნაწილია. რთული შეიძლება იყოს იმ ფაქტის აღიარება, რომ ძალიან ბევრი რამ არის ცხოვრებაში, რასაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვაკონტროლებთ. კოვიდისა და საყოველთაო შეზღუდვების გამო კი ხალხს კიდევ უფრო მეტად უწევს გაურკვევლობასთან გამკლავება, ვიდრე ჩვეულებრივ", — ამბობს ის.

ასტროლოგიის მიმართ ინტერესის ზრდისა და პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის პარალელურად ასტროლოგიური აპლიკაციები საგრძნობლად მომრავლდა.

ფოტო: Co-Star

ლონდონელი ასტროლოგი ჰანი ასტრო ამბობს, რომ კლიენტებთან მუშაობისას ფსიქოლოგიისა და თერაპიის შესწავლა ეხმარება. "ჩემთან საუბრისას ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი თერაპიის სესიას ჰგავს, რადგან საკითხები, რომლებსაც ვეხებით, საკმაოდ ინტიმური და პირადულია," — ამბობ ის, — "მე არ მივეკუთვნები ასტროლოგების იმ კატეგორიას, რომლებსაც ვარდები, ცისარტყელები და სხვა საყვარლობები იტაცებს. მე ვსაუბრობ როგორც კარგზე, ისე ცუდსა და უსიამოვნოზეც, რადგან მნიშვნელოვანია, კლიენტებმა ყველაფერი იცოდნენ მათი პირადი რუკის შესახებ. მათ ვეხმარები, რომ საკმაოდ რთულ საკითხებს გაუმკლავდნენ".

ის ამბობს, რომ ახლა ამ "ბიზნესის ბუმია". 2020 წლის აპრილში უეცრად გაზრდილი კონსულტაციების შემდეგ, ასტრო ყოველთვიურად 80-მდე კლიენტს მაინც ემსახურებოდა, რასაც კარანტინით გამოწვეულ მოწყენილობას და სოციალურ მედიაში ასტროლოგიური შინაარსის მქონე მასალის გამოჩენას უკავშირებს. ახლა ის ცდილობს, თავისი ყველაზე პოპულარული სერვისი — ას ევროდ ერთ საათში პირადი რუკის შედგება — შეზღუდოს და თვეში მხოლოდ 12 კლიენტი მიიღოს, რათა დრო YouTube და TikTok ვიდეოებზე სამუშაოდ გამოითავისუფლოს. "იუპიტერი და სატურნი მერწყულში — ნიშანი, რომელიც ტექნოლოგიებსა და თანამშრომლობაზე ახდენს გავლენას — 2021 წელს დადებითი ცვლილებების წინაპირობას ქმნის", — ამბობს ის. თანაც, მსგავსი ინტერნეტარხები შემოქმედებითობასთან ერთად პოტენციური შემოსავლის წყაროცაა.

ინდუსტრია აღმავლობის ზენიტში

მართალია, ყველა ასტროლოგი ამ სფეროში მხოლოდ ფულისთვის სულაც არ არის ჩართული, თუმცა ცნობილი პროფესიონალები მუდმივად ახალ გზებს პოულობენ, რომ თავიანთი ნიჭით ფინანსური სარგებელი მიიღონ.

ჩანი ნიკოლასმა, თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ასტროლოგმა, 2020 წლის იანვარში გამოსცა წიგნი You Were Born for This (ამისთვის დაიბადე), რომელსაც ყოველთვიურად მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს (გამოცემიდან ერთ კვირაში 14 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა). ამას გარდა მასთან ნეტფლიქსმაც გააფორმა ხელშეკრულება და ახალი დამოუკიდებელი აპლიკაცია Chani-ც შეიქმნა. ლოს-ანჯელესში მდებარე მისი კომპანია ამჟამად მმართველ პოზიციაზე სამ ადამიანს ეძებს, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი დოლარზე მეტი იქნება.

კეროლაინ გოლდშტაინი

ფოტო: Caroline Goldstein

მაშინ, როცა ნიკოლასი გასული ათწლეულის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებდა თავის კარიერას, სანაცვლოდ მარენ ალთმენმა, რომელიც გამოცემა The Cut-მა "ტიკტოკის ყველაზე მნიშვნელოვან ასტროლოგად" დაასახელა, YouTube-ზე რამდენიმე ათეული ნახვიდან მოულოდნელად TikTok-ზე ათ თვეში მილიონობით მიმდევარი შეიძინა. პანდემიის დაწყებისას ტიკტოკზე დარეგისტრირების შემდეგ მისი პირველი ვიდეოები, რომლებიც უცებ გავირუსდა, სატირული ტრენდი იყო მზის ნიშნების სტერეოტიპებზე ("რატომ ვერ ვიტან შენს ზოდიაქოს ნიშანს"). თუმცა მას სახელი განსაკუთრებით გაუთქვა აშშ-ის არჩევნებამდე გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა, სადაც იწინასწარმეტყველა, რომ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტიკტოკი Gen Z-ის სივრცედ ითვლება, ალთმენი ამბობს, რომ მისი აუდიტორიის უმრავლესობა 30 წელს გადაცილებული ადამიანებისგან შედგება, რომელთა უმეტესობას აქამდეც ჰქონია შეხება ასტროლოგიასთან.

შეინარჩუნებენ თუ არა ამ სფეროსადმი ინტერესს ახალბედები ჩვეული ცხოვრების წესის დაბრუნების შემდეგ, ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუმცა, როგორც ბრენანი აღნიშნავს, დასავლურ სამყაროში ასტროლოგიისადმი ინტერესი ტალღისებურად იცვლებოდა — 2000-იან წლებში ასტროლოგები წუხდნენ, რომ ძალიან ცოტა ახალგაზრდა ინტერესდებოდა ამ სფეროთი. დღესდღეობით კი სოციალური მედიის ალგორითმები ხშირად გვამარაგებს ასტროლოგიური მიმებით რეტროგრადული მერკურის შესახებ, რაც ერთდროულად სფეროს პოპულარობის ნიშანიცაა და გამომწვევი მიზეზიც.