ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სინოფარმის ვაქცინით მოქალაქეების აცრა 4 მაისიდან დაიწყება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ავტორიზაციაც მალე დაეწევა, თუ არ დაასწრებს.

"კვირის ბოლომდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. შესაძლოა, გარკვეულწილად მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენ შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყება როგორც იყო დაანონსებული, 4 მაისიდან", — ამბობს გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმით, სინოფარმი დღევანდელი მდგომარეობით 35 ქვეყანაშია ავტორიზებული.

"200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული სინოფარმის მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნებისთვის და ძალიან ფართო მოცვა არსებობს უკვე ამ ვაქცინის. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. ამდენად ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, რომ ჯანმოს ავტორიზაციაც მალევე დაეწევა, თუ არ დაასწრებს", — განაცხადა გაბუნიამ.

27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩინურ ვაქცინა სინოფარმზე რეგისტრაცია 18 წლის ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის საფუძველი არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა.

Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ადგილები 2 საათში შეივსო. ვიზიტების დაჯავშნა 4-დან 15 მაისამდე პერიოდში იყო შესაძლებელი.

გასცემს თუ არა ორგანიზაცია Sinopharm-ის გამოყენების ნებართვას ამ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, Sinovac Biotech-თან დაკავშირებით კი იგივე ინფორმაციას მომდევნო კვირის ბოლოს მივიღებთ. ამის შესახებ WHO-ს ასისტენტ-დირექტორმა, მარიანგელა ბატისტა გალვაო სიმაომ, ორშაბათს განაცხადა.

ჩინეთმა ორივე ვაქცინა უკვე რამდენიმე ქვეყანაში გაიტანა ექსპორტზე, მათ შორის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, აზიასა და აფრიკაში. WHO-ს დასკვნა ვაქცინის დისტრიბუციისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან სწორედ ამ რეგულატორის აღიარებაა მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოობის ინდიკატორი. WHO-ს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, Sinopharm COVAX-ის პლატფორმაზეც მოხვდება, რომელიც ვაქცინების განვითარებადი ქვეყნებისთვის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ასევე იხილეთ: კორონავირუსის ჩინური ვაქცინის ისტორია: ვაქცინების დიპლომატია თუ ბრძოლა საყოველთაო კეთილდღეობისთვის

WHO-ს ნებართვის მიღების შემთხვევაში, ჩინური Sinopharm იქნება პირველი ვაქცინა არადასავლური ქვეყნიდან, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო ნებართვა. ამ ეტაპზე კი, WHO-ს საგანგებო გამოყენების ნებართვა გაცემული აქვს ისეთი ვაქცინებისთვის, როგორიცაა Pfizer-BioNTech, AstraZeneca and Johnson & Johnson. ორგანიზაცია მიმდინარე კვირაში Moderna-სთვის ნებართვის გაცემის საკითხსაც განიხილავს.