ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მოუხედავად იმისა, პანდემიის მესამე ტალღის პროცესში ვართ, ქვეყანაში "ცალსახად მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა".

"4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მარტის თვეში არის იმის დასტური, რომ დაბალანსებული მიდგომა, რასაც ჩვენ ვიჩენთ, არის გამართლებული — ქვეყანაში ცალსახად მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პანდემიის მესამე ტალღის პროცესში ვიმყოფებით და პანდემია არ არის დამარცხებული",— აცხადებს ის.

საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,2%-ით იკლო.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, ერთწლიანი ვარდნის შემდეგ, მარტში, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კვარტალის ჭრილში 4,2%-იანი კლება ფიქსირდება, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა იანვარში 11,5%-ით, ხოლო თებერვალში 5,1%-ით შემცირდა.

რაც შეეხება პროგნოზებს, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე აზიის განვითარების ბანკი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3,5%-ით გაზრდას ელოდება. ეროვნული ბანკის გათვლებით კი, წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ის ფარგლებში გაიზრდება.