ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური ვაქცინის, სინოვაკის 100 000 დოზა, რომელიც ჩინეთის მთავრობის საჩუქარია, საქართველოში დღეს, 29 აპრილს ჩამოვა.

"სინოვაკის 100 000 დოზა, რომელიც არის დონაცია ჩინეთის მთავრობის საქართველოს მიმართ ჩამოვა დღეს საქართველოში. სინოვაკის თაობაზე ვაქცინაციის საბჭო კიდევ დამატებით იმსჯელებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ავტორიზაციის პირობით გვაქვს სინოვაკის გამოყენება, ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არის მიღებული ვაქცინაციის საბჭოს მიერ. ვფიქრობთ, რომ მაისის დასაწყისი აქვს ჯანმოს დაანონსებული როგორც სინოვაკის ავტორიზაციის თარიღი. ამდენად ამას დაველოდებით. თუ გადავადდა და დაყოვნდა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, სინოვაკის გამოყენების პირობებზე საბჭო დამატებით იმსჯელებს. სინოვაკს დღეს ფართოდ იყენებს თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და სინოვაკის შედეგებიც არის საკმაოდ კეთილსაიმედო. ეფექტურობის თვალსაზირითაც არის კარგი მონაცემები და რაც მთავარია სიკვდილობის მაჩვენებელს და მძიმე შემთხვევების განვითარების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს", — განაცხადა გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

Reuters-ის ცნობით, ჯანმოს ტექნიკური ექსპერტები სინოვაკის საგანგებო გამოყენების განხილვას 3 მაისს აპირებს.

ამ ეტაპზე, WHO-ს ავტორიზაცია მიღებული აქვს Pfizer-ს, AstraZeneca-სა და Johnson & Johnson ვაქცინებს.