საქსტატმა დემოგრაფიის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0,7 წლით შემცირდა და 73,4 წელი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 77,7, ხოლო კაცებითვის 69,1 წელია.

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის კლება გასულ წელს გარდაცვლილთა რაოდენობის მატებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ 2020-ში, გასულ წელთან შედარებით, შობადობა 1 776 ადამიანით შემცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3 878-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ სიკვდილიანობის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი პანდემიამაც შეიტანა, რადგან მხოლოდ 2020 წელს, საქართველოში, Covid-19-ის დიაგნოზით 2 528 ადამიანი გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ 2020-ში 4 017 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, მოსახლეობის საერთო რიცხოვნობა მაინც გაზრდილია — ამის მთავარი მიზეზი მიგრაციაა. 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, იმიგრანტთა, ანუ საქართველოში დაბრუნებულთა რაოდენობა 15 732-ით აღემატებოდა ამავე პერიოდში საქართველოდან ემიგრირებულებს.

2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 728 573 ადამიანი ცხოვრობს. ეს ნიშნავს იმას, რომ 2020-ში საქართველოს მოსახლეობა 11 715 ადამიანით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ, ძირითადად, ზრდა დედაქალაქის ხარჯზე დაფიქსირდა, რადგან 11-დან 7 რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია.