ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონის ოპოზიციის ვერსია "არათუ პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას". ის ამის ორ მიზეზს ასახელებს:

"მედიატორის განმარტება სწორედ ეს იყო, რომ დეპოლარიზაციისთვის და უთანხმოების გვერდზე გადადებისთვის, საჭიროა 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს და ჩვენი ოპონენტები, როგორც ხედავთ, ამ მიდგომას ეწინააღმდეგებიან. [მეორე არის ის, რომ] კანონპროექტი არათუ ეწინააღმდეგება შეთანხმებას, არამედ ადამიანობას. კერძოდ, ისინი საუბრობენ, რომ დაზარალებულის თანხმობა საჭიროა, მაგრამ მხოლოდ სამართალდამცავების წინააღდეგ არსებულ საქმეებში, ხოლო რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ძალადობაში, ან უკვე დადასტურებული აქვთ ეს ბრალი და მათგან დაზარალებული არიან პოლიციელები, მათი თანხმობა საჭირო არ არის. ეს არის სეგრეგაცია, დაყოფა დაზარალებულების ჩემიანებად და სხვისიანებად", — აცხადებს პაპუაშვილი და დასძენს, რომ ოპოზიცია სამართალდამცავებს, ფაქტობრივად, "ადამიანებად არ აღიარებს".

28 აპრილს ოპოზიციამ 19-21 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. მოლაპარაკებების შემდეგ, მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ პროექტი ქართული ოცნებისგან დამოუკიდებლად შეემუშავებინა. კანონპროექტში არსებული ჩანაწერით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ადამიანი, რომელმაც უფლებამოსილებას გადაამეტა ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. ეს მუხლი სამართალდამცავებს ეხება და სწორედ მას აქვს დათქმა, რომ ამნისტიისთვის საჭიროა დაზარალებულის თანხმობა. ხოლო სხვა ბრლადებულების შემთხვევაში ეს დათქმა არ არის. ოპოზიციის განმარტებით, ამის მიზეზია ის, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ამ დროს სამსახურებრივ უფლებამოსილებს, საკუთარ ვალდებულებებს ასრულებდნენ და მოქალაქეები ძალმომრეობის უნებური მსხვერპლები გახდნენ